"თავისუფალი დემოკრატები" ქვეყნის საგარეო ვალის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლეფლებისგან სრულ გამჭვირვალობას მოითხოვენ. როგორც ირაკლი ალასანიას პარტია აცხადებს, მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს დეტალური ანგარიში ევრობონდების რეფინანსირების ვადებსა და მის მიმდინარეობასთან მიმართებაში. "თავისუფალი დემოკრატები" შესაბამისი მოთხოვნით წერილობით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს.
"2011 წლისთვის საქართველოს საგარეო ვალმა უკვე 4 მლრდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ როდესაც 2008 წლისათვის 2 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო. ყველას კარგად გვახსოვს თუ რა პირობით იღებდა 2008 წელს საქართველოს მთავრობა 500 მილიონ დოლარინ სესხს წლიური 7,5%-ით , რომელსაც ფნანსურ ენაზე ევრობონდს ეძახიან. ფაქტია, რომ ეს თანხა გაცხადებული გაზსაცავის მშენებულობაზე არ დახარჯულა. დღემდე არავის არ დაკისრებია პასუხისმგებლობა ამ არასახელმწიფოებრივ და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯზე, ხოლო თუ სად წვიდა ეს ფული, გაურკვეველია. 2013 წლისთვის სააკაშვილის ხელისუფლება ვალდებული იყო დაეფარა ეს ვალი. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ვალის გასტუმრებას არ აპირებს და ამიტომ 2 წლით ადრე მთავრობამ აიღო კიდევ ერთი 500 მილიონი დოლარის ახალი ევრობონდი", - განმარტავენ "თავისუფალი დემოკრატები".
როგორც პარტიაში მიიჩნევენ, ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ქვეყანამ საგარეო ვალის ხარჯზე იცხოვროს.
"ამ ვალის გადამხდელი დღევანდელი დეფიციტური ბიუჯეტის პირობებში ჩვენი ხელისუფლება რომ არ არის, ცხადია. შესაბამისად, აღნიშნული ვალი მთლიანად დააწვება და მისი გასტუმრება მოუწევს მომავალ თაობებს. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილი მომავალ თაობებს მხოლოდ ვალებს უტოვებს. მომავალი ათი წლის მანძილზე მხოლოდ არსებული ვალის პროცენტის სახით საქართველოს მოუწევს მინიმუმ 430 მილიონი დოლარის გადახდა 10 წლის განმავლობაში. ხელისუფლება, როგორც მას ჩვევია, უმალავს თავის მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როდის მოხდება მათ მიერ გაცხადებული რეფინანსირების დასრულება. რადგანაც დიდი ალბათობით გამომდინარე რეფინანსირბისთვის განკუთვნილი ნაწილი კვლავ გაიხარჯება არამიზნობრივად და საქართველოს საგარეო ვალი კიდევ უფრო გაიზრდება", - აღნიშნავენ ალასანიას პარტიაში.