"ახალი მემარჯვენეები" მიიჩნევენ, რომ ქალაქის განაშენიანება და მასშტაბური პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით დედაქალაქის ძველ უბნებში, ხელისუფლების ვიწრო წრის წარმომადგენელთა ნება-სურვილით არ უნდა ხდებოდეს.
როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიყეზე ასაშენებელი კომპლექსის საკითხი პროფესიონალური განხილვების გარეშე წყდება.
"ხშირ შემთხვევაში, დედაქალქში ხორციელდება პროექტები, რომლებიც ქალაქის არქიტექტურულ სახეს არღვევენ. ამის გამო თბილისი, როგორც ქალაქის ისტორიული ნაწილი, კარგავს თავის უნიკალურობას",_აცხადებს საგანელიძე.
მისი თქმით, ასე თვითნებობდნენ ჰიტლერი და სტალინი, რომლებიც ქალაქის არქიტექტურაში ერეოდნენ, რის გამოც გერმანიაში გაჩნდა ჰიტლერის ნება-სურვილით დაპროექტებული შენობები, ხოლო საბჭოთა კავშირში_ე.წ. სტალინის სახლები.
"ახალი მემარჯვენეები" ზაალ სამადაშვილს მიმართავენ და მოითხოვენ, რათა საკრებულოს თავმჯდომარემ რიყის განაშენიანების საკითხზე ფართო განხილვა მოაწყოს. დავით საგანელიძის განმარტებით, განხილვაში ურბანისტები და დაინტერესებული საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას, სადაც გაირკვევა, რა პროექტი ხორციელდება რიყეზე, ვინ არის ავტორი, რა ჯდება აღნიშნულის განხორციელება, რომელი ბიუჯეტიდან ხდება თანხების ხარჯვა.