ფილიპინელი კათოლიკე მღვდლები "მაკდონალდსის" სარეკლამო რგოლის ჩვენების წინააღმდეგ გამოდიან. ერთწუთიან სარეკლამო რგოლში ხუთი წლის გოგონა თანატოლ ბიჭს მის ბოიფრენდად გახდომას სთავაზობს. ბიჭი უარზეა და აცხადებს, რომ ყველა მანდილოსანი ზედმეტად მომთხოვნია. გოგონა კი პასუხობს: ყველაფერი, რაც მინდა_ეს მხოლოდ "მაკდონალდსის" კარტოფილი-ფრის ულუფაა. ასეთი პასუხით ბიჭი გახარებულია, რადგან კარტოფილი-ფრისთვის ფული ჰყოფნის. ფინალურ კადრებში ბავშვების ბედნიერი სახეებია ასახული, რომლებიც ხელიხელჩაკიდულნი მიდიან.
ფილიპინელი მღვდლების აზრით, ეს რეკლამა ბავშვებში ანგარებასა და ფულის სიყვარულს აღვიძებს. კათოლიკებმა ხუთი წლის ბავშვისთვის ამ სახის რეკლამა შეუსაბამოდ და ნაადრევად მიიჩნიეს.
"მაკდონალდსი" ფილიპინელი მღვდლების აზრს დაემორჩილა და ამ სარეკლამო რგოლის ჩვენება 15 აპრილიდან შეწყვიტა.
ფილიპინელი მოსახლეობის დაახლოებით 80% კათოლიკეა. ამდენად, ეკლესიას მათზე დიდი გავლენა აქვს. ფილიპინებზე გაყრა და აბორტები აკრძალულია.
უფრო ადრე "მაკდონალდსის" რეკლამებმა სხვადასხვა ქვეყანის მოსახლეობისა თუ ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა.
2003 წლის თებერვალში შვედეთის ხელისუფლებამ ამ კომპანიის რეკლამის მიღმა სექსუალობის ნიშნები დაინახა. ბრიტანელებმა კი კარტოფილი-ფრის მომზადების რეკლამა არადამაჯერებლად მიიჩნიეს. რესტორანმა პროდუქტის მომზადების პროცესში მავნე ეტაპები გამოტოვა და მხოლოდ კლიენტებისთვის მიმზიდველი ეტაპები დატოვა, რამაც ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების კომისია შეაშფოთა.