თბილისის მერი გიგი უგულავა თავისუფალი უნივესიტეტის სტუდენტებს შეხვდება და მათ თბილისის მერიის პროგრამის: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ახალ ეტაპს გააცნობს. გიგი უგულავა სტუდენტებს მათთვის საინტერესო და აქტუალურ სხვა საკითხებზეც გაესაუბრება.
თბილისის მერიის პროექტი - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადავიდა.
პროექტი უფრო ფართომასშტაბიანია და ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩრებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ.
კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის მერიაში შექმნილი "უძრავი ქონების განვითარების ფონდი" განკარგავს და იმ თბილისელებზე გაანაწილებს, რომლებიც უკიდურესად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ და დღემდე მერია მათ ქირით აკმაყოფილებს. გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ახალი ეტაპი არის მარტივი ფორმულა: ბანკი ადვილად გასცემს სესხს ნებისმიერ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც გარანტირებული მყიდველი ეყოლება, რაც შეჩერებული მშენებლობების სწრაფად დასრულებას უზრუნველყოფს.
პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნეს-სფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითრდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებთან თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას აღნიშნული დროის განმავლობაში გააფორმებს.