თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი გერმანიაში სამუშაო ვიტიტით იმყოფება. დღეს, 18 აპრილს, დაგეგმილია შეხვედრები იულიჰის ცენტრში. ალექსანდრე კვიტაშვილი ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტს, ასევე სუპერკომპიუტერებისა (IAS) და გამოყენებითი ფიზიკის ცენტრს მოინახულებს.
"ეს არის ძალიან დიდი კვლევითი ცენტრი, სადაც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებების კვლევა მიმდინარეობს. ჩვენს უნივერსიტეტსა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც ჩვენი ნაწილია, უკვე დიდი ხანია ურთიერთობა აქვს ამ ინსტიტუტთან და მინდა რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს. ინსტიტუტში მოღვაწეობს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი ანდრო კაჭარავა, მისი გამოცდილების გაზიარებ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.
ვიზიტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრას კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორთან მაიკლ ბოლინგთან გამართავს. თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ. თსუ-ში ორი უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაც ხორციელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, რამდენიმედღიანი ვიზიტი უკვე არსებული კონტაქტების გაფართოებასა და გაღრმავებას, ასევე საჭირო ახალი ინიციატივების მოზიდვასა და კონკრეტული პერსპექტივების განსაზღვრას ემსახურება.
გერმანიამდე კვიტაშვილი 13-15 აპრილს დანიაში ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის კონფერენციას დაესწრო. ევროპის ქვეყნებში რექტორის ვიზიტი 20 აპრილს დასრულდება.