ხვალ, 18 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ტყის კოდექსში" შესატანი ცვლილებების ინიცირება მოხდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუმარტა, ბუნებრივი რესურსების სააგენტო დაამზადებს სპეციალურ ფირნიშებს, რომელსაც კონკრეტული ნომერი ექნება და აისახება ელექტრონულ ბაზაში. ფირნიშები გაიცემა ლიცენზიის მფლობელს პირებზე და იქნება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის მორების უკანონო ბრუნვაზე, კერძოდ კი, ტყით უკანონო სარგებლობისთვის პირი პირველ შემთხვევის დროს 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
გარდა ამისია, ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე მთავრობა კიდევ ორი კანონპროექტის ინიცირებას მოახდენს. კერძოდ კი შემოდის ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური.
"შემოდის ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური, რომლის გადახდის წესს და ოდენობას საქართველოს მთავრობა დაადგენს", - აღნიშნა ხუროშვილმა.
ამასთან, მთავრობამ "იმერეთის მღვიმეების შესახებ" კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც სათაფლიას ნაკრძალის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.
ხუროშვილის თქმით, კანონპროექტის მიზანია ნაკრძალის ყველა ტურისტული მარშუტის ათვისება და ინვესტიციების მოზიდვა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად, შეიცვლება სათაფლიას ნაკრძალის ზონირება, კერძოდ კი ნაკრძალის ნაწილი გადავა აღკვეთილის რეჟიმში, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.