ხვალ, 18 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საჯარო დისკუსია "სასამართლო სისტემის ნაკლოვანებები საქართველოში".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიება "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" - GIPA და "პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის" - PMCG მიერ და USAID - ის მიერ დაფინანსებულ პროექტს "საზოგადოებრივი ფორუმი და დიალოგის" ფარგლებში ხორცილდება, რომლის მიზანია საზოგადოების ჩართულობის ამაღლება სხვადასხვა სექტორში არსებული პროექტების შექმნის პროცესში.
საჯარო დისკუსიაზე მოხსენებას გააკეთებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი თამარ ხიდაშელი, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართება.
შეხვედრაზე მიმოიხილება სასამართლო ხელისუფლებაში განხორციელებული რეფორმების წინა ისტორია, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, სასამართლო ხელისუფლების საბჭოები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. პრეზენტაცია ასევე შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება, კანონი დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ, შიდა დამოუკიდებლობის პრინციპები და სხვ.