დღეს, 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.
„ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!", - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.
მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს. ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი გამოხატულება იყო.
ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.
როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა"
იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!" (მათე 21, 9).
როგორც უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე თავის ქადაგებაში აცხადებს, ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული ზეიმით შესვლა იყო ოქროს კარიბჭიდან.
"ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა",_ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა ერთ ფაქტზე გავამახვილა ყურადღება, მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა.