შარმ-ელ-შეიხის საავადმყოფოში, სადაც ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტიამოთავსებული, ეგვიპტელები ათობით დეპეშას გზავნიან და ჰოსნი მუბარაქს გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ამასთან, მოქალაქეები მუბარაქს ყვავილებსა და ხილსაც უგზავნიან.
ამის პარალელურად, კაიროს ტელეცენტრის შენობასთან ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაციის დარეგულირების მიზნით საქმეში სამხედროები ჩაერთნენ.
რამდენიმე ათეული ადამიანი ქუჩაში ექს-პრეზიდენტის სასამართლოსთვის გადაცემის მოთხოვნით გავიდა. მათ ტელეცენტრთან შეკრებილ მუბარაქის მომხეებთან სიტყვიერი შეკამათება მოუვიდათ. ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეები ახლანდელი ხელისუფლების მიერ მუბარაქის დაჭერას აპროტესტებდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის პროკურატურამ ექს-პრეზიდენტის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ჰოსპიტალის ადგილმდებარეობა არ კონკრეტდება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსნი მუბარაქის მდგომარეობა სტაბილურია. მუბარაქი საავადმყოფოს პალატაში მეუღლესა და მოსამსახურესთან ერთად იმყოფება.