ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი ევროპის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფება. 13-15 აპრილს დანიაში ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია იმართება. დანიის ქალაქ აარჰუსში ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის 10 წლისთავთან დაკავშირებით კონფერენციაზე სახელწოდებით „ინვესტიცია დღეს ხვალინდელი ტალანტისთვის" წევრი ქვეყნების წარმომადგენლები - უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, მეცნიერები, პროფესორები და სტუდენტები შეიკრიბებიან.
"აარჰუსის კონფერენციაზე გვექნება შეხვედრები ასოციაციის პრეზიდენტთან, აარჰუსის უნივერსიტეტის რექტორთან და სხვა ოფიციალურ პირებთან, ჩვენ ამ ასოციაციის წევრი ვართ, ამ უნივერსიტეტს კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანების სამი წლის გამოცდილება აქვს და ამ გაერთიანებით მიღებულ შედეგებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
კონფერენციის მიზანია შეიქმნას ევროპული უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევების ზონა, რომელიც მიმზიდველი იქნება მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის მთელს მსოფლიოში.
კონფერენციაზე დაგეგმილია სამომავლო გეგმების განხილვა და შემდგომი ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრა. მონაწილეები ისაუბრებენ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კარიერული წინსვლის და განვითარების პერსპექტივებს. თანამშრომლობის გამყარების მიზნით კონფერენციაზე გამოცდილებისა და წარმოდგენების გაცვლა მოხდება. „ბოლონიის პროცესით გაერთიანებულმა ევროპულმა სისტემამ ცხადყო, რომ ევროპული მოდელი არის კონკურენტუნარიანი და მყარი. დღეს დადგა დრო, როცა უნდა განისაზღვროს გამოყენების გზები, რათა მივიზიდოთ და განვავითაროთ ნათელი ხვალინდელი გონება", - აღნიშნულია კონფერენციის საინფორმაციო ბუკლეტში.
კონფერენციის შემდეგ თსუ-ის რექტორის ვიზიტი გერმანიაში გაგრძელდება. 18 აპრილს დაგეგმილია შეხვედრები იულიჰის ცენტრში. ალექსანდრე კვიტაშვილი ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტს, ასევე სუპერკომპიუტერებისა (IAS) და გამოყენებითი ფიზიკის ცენტრს მოინახულებს.
"ეს არის ძალიან დიდი კვლევითი ცენტრი, სადაც ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებების კვლევა მიმდინარეობს. ჩვენს უნივერსიტეტსა და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც ჩვენი ნაწილია, უკვე დიდი ხანია ურთიერთობა აქვს ამ ინსტიტუტთან და მინდა რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს. ინსტიტუტში მოღვაწეობს ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი ანდრო კაჭარავა, მისი გამოცდილების გაზიარებ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა თსუ-ის რექტორმა.
ვიზიტის დასასრულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეხვედრას კიოლნის უნივერსიტეტის პრორექტორთან მაიკლ ბოლინგთან გამართავს. თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ. თსუ-ში ორი უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამაც ხორციელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, რამდენიმედღიანი ვიზიტი უკვე არსებული კონტაქტების გაფართოებასა და გაღრმავებას, ასევე საჭირო ახალი ინიციატივების მოზიდვასა და კონკრეტული პერსპექტივების განსაზღვრას ემსახურება.
ევროპის ქვეყნებში რექტორის ვიზიტი 20 აპრილს დასრულდება.