აშშ-ის ნაციონალურ არქივებში დაახლოებით სამი ათასამდე დოკუმენტი აღმოაჩინეს, რომელიც პოეტ უოლტ უიტმენის ხელით არის დაწერილი. ამის შესახებ "გარდიანი" იტყობინება.
წერილები, რომლებიც არქივებშია აღმოჩენილი, უიტმენის მიერ 1865 წლიდან 1874 წლებშია დაწერილი, როცა იგი იუსტიციის სამინისტროში კლერკად მუშაობდა. მის მოვალეობაში უცხო წერილების გადაწერა შედიოდა.
აღმოჩენილ დოკუმენტებში სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ, მათ შორის, სახელმწიფო ღალატს, სამხედრო დანაშაულებს.
იმის მიუხედავად, რომ თავად უიტმენი ამ წერილების ავტორი არ ყოფილა და მხოლოდ მათ ასლს ადგენდა, მეცნიერები ამ აღმოჩენას ფასეულად მიიჩნევენ.
პროფესორი კენეტ პრაისი, რომელიც უოლტ უიტმენის ელექტრონული არქივის შემქმნელია, მიიჩნევს, რომ ამ წერილებმა მწერლის მსოფლმხედველობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.
შეგახსენებთ, პოეტი და პუბლიცისტი უოლტ უიტმენი 1819 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. იგი ცნობილი ამერიკელი პოეტია. მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თავისუფალ ლექსზე _ ვერლიბრზე მუშაობა.