ეგვიპტის პროკურატურამ ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც იგი გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. მუბარაქი პალატაში მეუღლესა და მოსამსახურესთან ერთად იმყოფება. ჰოსპიტალის ადგილმდებარეობა უცნობია.
ეგვიპტის ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
"მისი მდგომარეობა სტაბილურია, რაც დაიმედების საშუალებას იძლევა", _ აცხადებენ "ალ-სალიამის" საერთაშორისო ჰოსპიტლის მედიკოსები.
ეგვიპტის პროკურატურამ მუბარაქის მეუღლეც დაკითხა, რომელსაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან დაკავშირებულ სპეკულაციაში სდებენ ბრალს. ასევე, ე.წ. "ოქროს ფონდების" გამოც ადანაშაულებენ, რომელსაც ქვეყნის ინფორმატიკის ექს-მინისტრი სპეციალურად მისთვის ავსებდა.
შეგახსენებთ, სამშაბათს 82 წლის ჰოსნი მუბარაქი შარმ-ელ-შეიხის ჰოსპიტალში მაღალი წნევისა და გულისცემის დარღვევის გამო გადაიყვანეს. გენერალური პროკურატურის გამომძიებლები მუბარაქს უშუალოდ საავადმყოფოს პალატაში კითხავდნენ.