მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 88.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.6 პროცენტით მეტია 2010 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის ინფორმაციით, ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (3.2 მლნ აშშ დოლარით), ყაზახეთიდან (1.8 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.7 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 91.6 პროცენტი მოდიოდა.
2011 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 6.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 7.1 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის მარტში.