საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ხელისუფლება იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილების შემცირებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
როგორც ჟურნალისტებს უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში პარლამენტში ინიცირებული იქნება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც იუსტიციის მინისტრს პრეზიდენტთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის უფლებას შეუზღუდავს.
~გარკვეული კონსულტაციების შედეგად, მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამ წინადადებას მმართველი გუნდი გაიზიარებს და ახლო მომავალში შესაბამის საკანონმდებლო წინადადებას წარმოადგენს~, - დასძინა თარგამაძემ.
მისი განმარტებით, დღეს არსებული მოდელი ჩრდილო-სკანდინავიურ სახელმწიფოებში დამკვიდრებული პრაქტიკაა, თუმცა ევროსაბჭოს განვითარების ტენდენციისა და მიდგომების გათვალისწინებით, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების და სამართლებრივი რეგულაციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისკენ მიუთითებს.
~მაგალითად, ისრაელში მთავარი პროკურორი ავტონომიური ლეგიტიმაციის იმდენად მაღალი ხარისხით სარგებლობს, რომ ამ ქვეყანაში არა თუ გადამდგარი, არამედ მოქმედი პრეზიდენტისა და მინისტრების მიმართ ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და საკმაოდ მკაცრი სამართლებრივი სასჯელების დაწესება, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციაში, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს იუსტიციის მინისტრის გაზრდილი უფლებები შეამციროს, კერძოდ კი მას უფლება არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტის და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სამართლებრივი დევნის აღძვრის.