ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 130 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც აღებული ვალდებულებების მონიტორინგის შედეგებს შეიცავს.
მთლიანობაში, დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული ბოლო დროის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული ცვლილებები. კერძოდ, საუბარია ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 2010 წლის მაისში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე.
დოკუმენტში რიგი მიმართულებით არის კრიტიკული შენიშვნებიც.
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ამ რეზოლუციით საქართველომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო.
"საქართველომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ გზაზე, რომელსაც დემოკრატიული განვითარება ეწოდება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, საქართველო გაითვალისწინებს რეზოლუციაში არსებულ ყველა შენიშვნას.
"მზად ვართ, გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნები მედიის გამჭვირვალეობის, სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე", - განაცხადა ცისკარიშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
იგი შეეხო დევნილთა თემას, რომელზედაც ყურადღებაა გამახვილებული რეზოლუციის პროექტში. კერძოდ, საუბარია დევნილთა გამოსახლების პროცესთან დაკავშირებულ ფორმებზე.
"დევნილები არავის გაუყრია ქუჩაში. 14 წლის განმავლობაში ისინი ცხოვრობდნენ სკოლებში და საავადმყოფოებში, შუქისა და წყლის გარეშე. ამჟამად ისინი ცხოვრობენ საკუთარ სახელებში, თუმცა არა თბილისის ცენტრში. ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ არ გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს რაიმე სახის ინტერპეტაცია", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ 2010 წლის 30 მაისს თვითმმართველობის არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყანაში უფრო მრავალფეროვანი და კონსტრუქციული პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საარჩევნო სისტემის სრულყოფის კუთხით საქმიანობის აღდგენას და მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად იქნეს მიღებული ახალი საარჩევნო კოდექსი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ასევე მოუწოდებს საქართველოს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შეიტანოს შესწორებები საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, გადახედოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის პროცედურას, დააკონკრეტოს პრეზიდენტის როლი საერთაშორისო შეთანხმების დროს მოლაპარაკების წარმართვაში და გააძლიეროს პარლამენტის როლი ქვეყნის ბიუჯეტის მიღებაში.
რეკომენდაციები ასევე შეეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. თანამომხსენებლები აუცილებლად მიიჩნევენ მათი გამჭვირვალეობის გაძლიერებისა და პლურალიზმის აუცილებლობას. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მოუწოდებს, უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა და ხელისუფლებას სთავაზობს, შეისწავლოს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში, უკიდურეს შემთხვევაში კი, დიდ ქალაქებში მერების პირდაპირი წესით არჩევის საკითხი.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეკომენდაციას იძლევა, გაუქმდეს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროების შერწყმა, რადგანაც მონიტორინგის კომიტეტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილება სასამართლო დევნასთან დაკავშირებით მას ხელს უშლის სათანადო ინსტრუქციების გაცემაში.
საპარლამენტო ასაბლეამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა მტკიცებულება მაღალი დონის კორუფციის არსებობასთან დაკავშირებით და იმავდროულად მიესალმა მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან ქრთამის აღების, კორუფციული საქმიანობების გამოძიებას.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე და მოითხოვს ნაციონალური უმცირესობების განათლების სისტემის გაუმჯობესებას, მათ შორის მათი ეროვნული ენების, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის. ასევე ეროვნული უმცირესობების უფრო აქტიურ ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, მოახდინოს რეგიონალური ენებისა და უმცირესობების ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება და რელიგიის შესახებ კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ყველა აღმსარებლობის სამართლებრივი სტატუსის დაცვას.
მთლიანობაში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიერ მიღებული რეზოლუცია ქართველი პოლიტიკოსების მიერ ფასდება, როგორც პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯი.