აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა, მათ შორის პატიმრებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები. პრობლემათა შორის ასევე დასახელებულია კანონის შერჩევითი გამოყენება, მედიაზე ზეწოლა, მთავრობაში მაღალი თანამდებობის პირების დონის კორუფცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე შესულია ინფორმაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ.
დოკუმენტის ზოგად მიმოხილვაში საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში შემდეგი მიღწევებია დაფიქსირებული: ახალი სისხლის სამართლის კოდექსის ამოქმედება, სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბემისი საპატიმროების აშენება და თბილისის მერის პირდაპირი წესით პირველი არჩევნები.
"ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის პატიმრების უფლებები საქართველოში გასული წლის განმავლობაში ირღვეოდა. პატიმრები ცუდ პირობებში არიან, ადგილი ჰქონდა თვითნებურად დაპატიმრებას და დაკავებას.
იყო შერჩევითი სამართლის ფაქტები - დანაშაულებებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, სახელისუფლო ჩინოვნიკები, ან მათი მომხრეები იყვნენ ჩართულნი, ნელა იძიებდნენ და გამოუძიებელი რჩებოდა. ხოლო იმ დანაშაულებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებული ადამიანები ან ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, სწრაფად იძიებდნენ და სასამართლოში კანონის მთელი სიმკაცრით განიხილავდნენ", - ნათქვამია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიშში და აქვე მითითებულია, რომ "ამგვარმა პროცესებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუსჯელობის განცდა შეუქმნა, შექმნა ხელისუფლების ზეწოლა სასამართლოზე და ზოგი პირი საპატიმროში პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზის გამო რჩებოდა".
დოკუმენტში ასევე მოყვანილია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპატიმროების პერსონალი თანამშრომლები და პოლიციელები დაკავებულებისა და პატიმრების მიმართ ცუდ მოპყრობას აგრძელებენ, ასევე პოლიციელები საკმაოდ ხშირად იყენებენ ძალას დაკავებების დროს. თუმცა, აქვე აღნიშნულია ამავე აპარატის განცხადება, რომ პოლიციის განყოფილებებში ცუდი მოპყრობის ფაქტები არ ფიქსირდება.
ანგარიშში საპატიმროებში პატიმრების ცემის რამდენიმე ფაქტია დასახელებული, მათ შორის ვაგან ჩახალიანის, ნელი ბავერიანის, არჩილ სახვაძის, ვახტანგ მაისაიას შემთხვევები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იყო "შეტყობინებები ბიზნესზე ზეწოლის შესახებ, რათა აღეკვეთათ ოპოზიციის და დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოტენციური მხარდაჭერა. ასევე, დაფიქსირდა ინფორმაციები მედიის თავსუფლების შეზღუდვის შესახებ".
დოკუმენტში ასევე არის საუბარი იმაზე, რომ თბილისში იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლების დროს მათი უფლებები დაირღვა.
"იყო შემთხვევები, როდესაც თბილისში იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლებისას მათი უფლებები დაირღვა", - ნათქვამია ანგარიშში. აშშ-ს დეპარტამენტი ასევე საუბრობს "მთავრობაში მაღალი დონის კურუფციის" არსებობაზე.
ანგარიშში ასევე მოყვანილია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს კრიტიკა დევნილთა გამოსახლების სერიის თაობაზე, რომელიც ივნისიდან აგვისტომდე განხორციელდა. აღნიშნულია, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა მოითხოვა, ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, სახალხო დამცველის ოფისმა კი დევნილებისთვის ალტერნატიული საცხოვრებელში არსებული პირობების საკითხი წამოჭრა.
"17 სექტემბერს გაერო-ს გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში ვალტერ კელინმა განაცხადა, რომ მართალია, გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმა გამოცხადდა, თუმცა აუცილებელია დევნილებისთვის საარსებო პირობების შექმნა და სოციალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი დროებით საცხოვრებლებში. მან გამოთქვა შეშფოთება ზაფხულში განხორციელებული გამოსახლებების გამო" - ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ გამოსახლების პროცესი სექტემბრის ბოლოს დასრულდა და ეს პროცესი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ასევე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა დადებითად შეაფასეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩომ საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ ელჩის ჯონ ბასის ვიდეოკომენტარი გაავრცელა.
"საქართველოს წელს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, თუმცა კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის კუთხით.
ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში", - აცხადებს აშშ ელჩი საქართველოში და დასძენს, რომ
სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა მოუწოდა ლიდერებს და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღიქვან პარტნიორად და არა - მოწინააღმდეგედ.
აშშ-ს ელჩი საქართველოში ადამიანის უფლებების სფეროში გასული წლის მიღწევებზეც საუბრობს და აღნიშნავს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს, სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერებისკენ მიმართულ საკანონმდებლო დამატებებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ციხეების აგებას და თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას.
ჯონ ბასი ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.
"ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონები რჩება ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა. კვლავ შემოდიოდა ანგარიშები ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. გვჭირდება მეტი გამჭვირვალობა, მათ შორის - განახლებული საერთაშორისო წარმომადგენლების ყოფნა ამ ტერიტორიებზე, რაც ჩვენ ყველას მოგვცემს საშუალებას, უკეთ შევაფასოთ მდგომარეობა ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა სფეროში", _ აღნიშნავს ბასი და გაზგასმით აღნიშნავს, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოსათვის აშშ-ს მიერ გამოყოფილი დახმარების დიდი ნაწილი - მათ შორის წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი, მიმართულია საარჩევნო რეფორმის და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ.