პარლამენტმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა შესახებ კანონპროექტში ცვლილებები პირველი მოსმენით 68 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო.
ცვლილება "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში შედის, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ მემკვიდრეთა ფულადი კომპენსაციის ოდენობას სასამართლო დაადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპენსაცია ეკუთვნის პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად. აგრეთვე, კომპენსაციის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ასეთი რეპრესირებული ადამიანის პირველი რიგის მემკვიდრეა.
როგორ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი განმარტავს, კომპენსაციის ოდენობა "კანონით" უნდა ყოფილიყო დადგენილი, თუმცა დღემდე კანონში ასეთი ნორმა არ არსებობდა და შესაბამისად, კომპენსაციაც არავის მიუღია.
შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 20 ათასი რეპრესირებული და მათი პირველი რიგის მემკვიდრეა.