ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. აღნიშნულის შესახებ საუბარია "თავისუფლების ქარტიის" პროექტში, რომელსაც პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე თევს დაამტკიცებს.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 308-3311 მუხლებით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება) გათვალისწინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულებების პრევენციის მიზნით, ქვეყნის უსაფრთხოების და დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად, ყოფილი სსრკ-ს სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ამ კანონით დადგენილი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების, ასევე საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის აკრძალვის მიზნით და ამ კანონით განსაზღვრული სხვა მიზნებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება კომისია. კომისიაში თითო წევრის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს. კომისიის შემადგენლობა (გარდა საქართველოს პარლამენტის ფრაქციების მიერ წარდგენილი წევრებისა) და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კომისიის წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული უნდა ჰქონდეთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირველი (განსაკუთრებული მნიშვნელობის) ფორმით.
ამასთან, კომისია დადგენილი წესით აგროვებს მონაცემებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან ან რომელთა მიმართაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ასევე აგროვებს ინფორმაციას საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების და მოედნების დასახელებების თუ სხვა საჯარო თავშეყრის ადგილების შესახებ, რომლებიც მოიცავენ საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის და პროპაგანდის ელემენტებს თუ მათი იდეოლოგიის ლიდერთა სახელწოდებებს.
კომისია იღებს გადაწყვეტილებას რეესტრში იმ პირთა მონაცემების შეტანის შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, ასევე უზრუნველყოფს იმ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოებას, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, სახელწოდებების, წარწერების აღმოფხვრის მიზნით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ღია ან დახურულ სხდომაზე, რომელსაც შემდგომი აღსრულების კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით უგზავნის უფლებამოსილ ორგანოს.
კომისია საჯაროდ აცხადებს მხოლოდ იმ პირთა ვინაობას და მონაცემებს, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან ფარულ კავშირში იყვნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან, უკავიათ ამ კანონით აკრძალული თანამდებობა და ნებაყოფლობით არ განაცხადებენ უარს თანამდებობაზე კანონით დადგენილ ვადაში და კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დახურულ სხდომაზე, რომელზეც "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" დადგენილი წესით მოწვეული უნდა იყოს პირი, რომლის შესახებაც მიიღება გადაწყვეტილება.
კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებიდან ერთ თვეში და პირი, რომელსაც შეეხება გადაწყვეტილება უფლებამოსილია გაასაჩივროს იგი სასამართლოში, სადაც სარჩელის მიღება აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას.