ევროპის კავშირი პოსტ-საბჭოთა სივრცის ინტეგრაციისადმი მიდგომის განახლებას ცდილობს და აღნიშნულის კონტექსტში მეზობლებისა და პარტნიორებისადმი პოლიტიკის საფუძვლიანად გადასინჯვისთვის ემზადება.
Radio Liberty-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გაფართოვების საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის პოლიტიკისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ განახლებული მიდგომა დახმარებისთვის უფრო მკაცრ პირობებს დააწესებს.
"განახლებული პროცესის თანახმად, თქვენ ისევ მოექცევით ერთ სამეზობლო პოლიტიკაში, რომელიც ფარავს ორივე მიმართულებას - აღმოსავლეთსა და სამხრეთს... მაგრამ ამოქმედდება ბევრად უფრო დიფერენცირებული მიდგომა არა მხოლოდ სამხრეთსა და აღმოსავლეთს შორის, არამედ თვითონ სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფარგლებში, მინიმალური ორიენტირებითა და ინდივიდუალური პროგრამებით თითოეული და ყოველი ჩვენი პარტნიორისთვის", - განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ახალი პოლიტიკური კორპუსი, საგარეო სამსახური მჭიდროდ იქნება ჩართული განახლებულ პოლიტიკაში, ხოლო ევროკავშირის რამდენიმე საელჩო სამიზნე ქვეყნებში მოდერნიზაციას გაივლის.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა "აღმოსავლეთის პარტნიორობა" 2008 წელს დაიწყო. მისი მიზანია სავიზო შეთანხმებების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის მეშვეობით განამტკიცოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირსა და ექვს ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას შორის.