თეთრი სახლი გმობს რუსეთში აქციის მონაწილეების დაპატიმრებას. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის ტომ ვეტორის განცხადებით, მშვიდობიანი დემონტრანტების დაკავება რუსულ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მშვიდობიანი შეკრებების საპასუხოდ გადატებული ღონისძიებები, წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას მნიშვნელოვნად დააბრკოლებს.
რუსეთის ოპოზიციის ლიდერები, ბორის ნემცოვი და ილია იაშინი ამ დრომდე დაკავებულნი არიან. მათ გუშინ სანქტ-პეტერბურგში არასანქცირებულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. აქცია ჩატარდა მოსკოვშიც, თუმცა სანქცია ოპოზიციის მხოლოდ ერთ ნაწილს ჰქონდა. უფრო რადიკალურ ფრთას, რომელიც პუტინის გადადგომას ტრიუმფის მოედანზე მოითხოვდა აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს და მიუხედავად ამისა აქციის მონაწილეები ამ ლოზუნგებით ქუჩაში მაინც გამოვიდნენ. ოპოზიციის რადიკალური ფრთის აქციის წევრთა შეფასებით, ის ფაქტი, რომ სანქცია მხოლოდ ნაწილობრივ გაიცა, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს.