20 დეკემბერს, გერმანიის საქსონია-ანჰალტის ქალაქ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.
საქსონია-ანჰალტის პრემიერ-მინისტრის, რაინერ ჰასელოფის განცხადებით, სულ მცირე 200-მდე ადამიანი დაშავდა.
გაზეთ Welt-ის ცნობით, თავდამსხმელი 1974 წელს დაბადებული კაცია. ის არის ექიმი საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა.
გამოცემა Der Spiegel განმარტავს, რომ 50 წლის ეჭვმიტანილი თალებ ა. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია.
გაზეთი Frankfurter Rundschau მის შესახებ 2019 წლის მარტში წერდა: „თალებ ალ-აბდულმოჰსენი გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობს.
ის გერმანიაში მიწვეული ექიმის სტატუსით ჩავიდა ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, შემდეგ კი ითხოვა თავშესაფარი მას შემდეგ, რაც მიიღო სიკვდილის მუქარა ისლამზე უარის გამო. 44 წლის კაცს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიენიჭა.
Die Welt-ის ცნობით, კაცი ცხოვრობდა ქალაქ ბერნბურგში, რომელიც მდებარეობს მაგდებურგიდან 50 კილომეტრში.
მას გერმანიაში ხანგრძლივი ყოფნის ნებართვა ჰქონდა.