არასამთავრობო ორგანიზაციები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის შემაჯამებელ დასკვნასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
„ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს.
ეუთო/ოდირის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში, გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს.
მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და, რიგ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და “ქართული ოცნების” ფინანსური უპირატესობით სარგებლობა. ასევე, ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც, შესაძლოა, ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით, პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩევლებზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა, ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირებისა და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებას, რამაც შესაძლოა, დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე.
უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვის, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობების გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში, პოსტ-სარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოებში, ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და სრულყოფილად არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს მიმართ, პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა, შეკრებების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთო-ს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის, ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებების შესრულებას არჩევნებთან მიმართებით. ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს, თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი. ამავე დროს, ოდირი წარმოადგენს საკუთარ რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესების სამომავლო გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე გაკეთდა.