ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა.
საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეეხებათ, როგორც დიპლომატიური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს.
ევროპულმა საბჭომ რეკომენდაცია მისცა ევროკომისიას, მოამზადოს წინადადება დიპლომატიური პასპორტის მფლობელელისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. ევროკომისია ამ წინადადების მომზადებას მიმდინარე წელსვე აპირებს.
საქართველოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემის წესი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით რეგულირდება.
სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი იყოფა ორ კატეგორიად:
ა) დიპლომატიური პასპორტი;
ბ) სამსახურებრივი პასპორტი.
მთავრობის დადგენილებით, დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს პრეზიდენტი, მისი მეუღლე;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მეუღლე;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე;
დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრები;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორები;
თ) საქართველოს მინისტრები და საქართველოს სახელმწიფო მინისტრები, მათი პირველი მოადგილეები და მოადგილეები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე;
ი) საქართველოს მთავარი პროკურორი;
კ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - გენერალური აუდიტორი;
ლ) საქართველოს სახალხო დამცველი;
მ) საგადასახადო ომბუდსმენი;
ნ) საქართველოს უზენაესი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოების წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები, საქართველოს სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები;
ო) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
პ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე;
ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და თანაშემწეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი და ამავე დეპარტამენტის მოხელეები;
რ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ამავე სამსახურის მოხელეები;
ს) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის დირექტორები;
ტ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;
უ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, ქორეპისკოპოსი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ფ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
ქ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეები და უმაღლესი საბჭოების წევრები;
ღ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;
ყ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
შ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფი თანამშრომლები, საქართველოს საპატიო კონსულები, დიპლომატიური კურიერები, თავდაცვის ატაშეები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები, როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული ზემოაღნიშნული პირების (გარდა საქართველოს საპატიო კონსულებისა და დიპლომატიური კურიერებისა) მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;
ჩ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 10 თანამშრომელი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;
ც) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი;
ძ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
წ) უცხოეთის სახელმწიფოებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები, აგრეთვე, საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელით დანიშნული მოსამართლეები;
ჭ) ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები;
ხ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები, რომლებიც არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსამსახურეები.
მთავრობის დადგენილებით, სამსახურებრივი პასპორტით სარგებლობის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელეები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეები, საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატების უფროსები, საქართველოს პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსები, გარდა, ამ წესით დამტკიცებული №1 დანართის ,,ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების აპარატების, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მოხელეები;
გ) საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეები;
დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის არა უმეტეს 11 თანამშრომელი;
ე) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი მრჩევლები და მრჩევლები;
ვ) საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები;
თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის დეპარტამენტების უფროსები;
ი) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მოადგილეები, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებიდან არა უმეტეს 21 საჯარო მოსამსახურე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
ლ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის მოადგილეები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის - გენერალური აუდიტორის წარდგინებით – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 10 თანამშრომელი;
მ) საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები;
ნ) საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები;
ო) საქართველოს სამინისტროების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები;
პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მათი მმართველობის სფეროში არსებული/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი/არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელი, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის არა უმეტეს 30 თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრების აპარატების არა უმეტეს 10 თანამშრომელი, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;
ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არა უმეტეს 10 თანამშრომელი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქების მერები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი;
რ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები;
ს) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, საქართველოს თავდაცვის ატაშეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აპარატების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, პოლიციის/უსაფრთხოების ატაშისა და მეკავშირე ოფიცრის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, ასევე, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ამ პირთა მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი პირები;
ტ) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით – საქართველოს საპატრიარქოს 40 თანამშრომელი;
უ) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის წარდგინებით;
ფ) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირები, ხოლო, თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას, ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათი მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, გერები და მზრუნველობისა და მეურვეობის ქვეშ მყოფი სხვა პირები;
ქ) სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის წარდგინებების საფუძველზე;
ღ) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე;
ყ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
შ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის უფროსი;
ჩ) საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს არა უმეტეს 5 თანამშრომელი – საბჭოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;
ც) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი;
ძ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრები, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით;
წ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;
ხ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილეები;
ჰ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლები, არა უმეტეს 10 პირისა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
ჰ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის არა უმეტეს 12 თანამშრომელი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის წარდგინების საფუძველზე.“.