ევროპული საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, განაცხადა.
კაია კალასის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეეხებათ, როგორც დიპლომატიური, ასევე სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს დამატებით სანქციებზეც, თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას.
"დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე. ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, დამოუკიდებელ მედიაზე, რადგან საქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში, მისი ხალხისთვისაა და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ის...
დღევანდელი დისკუსიაზე შევჯერდით, შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. უნდა ითქვას, რომ იყო ინტენსიური დისკუსია და ასევე იყო უფრო მეტის გაკეთების სურვილი. ბევრმა აღნიშნა, ვნახოთ, როგორი განვითარება იქნება, მზად ვართ დამატებითი ნაბიჯებისთვის. თუმცა, სანქციებისთვის ჩვენ გვჭირდება 27-ვე წევრის თანხმობა, სამწუხაროდ ეს არ გვაქვს, თუმცა ვფიქრობ უვიზო რეჟიმი და შეჩერება პირველი ნაბიჯია“, – აღნიშნა კალასმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ევროპულმა საბჭომ რეკომენდაცია მისცა ევროკომისიას, მოამზადოს წინადადება დიპლომატიური პასპორტის მფლობელელისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თაობაზე. ევროკომისია ამ წინადადების მომზადებას მიმდინარე წელსვე აპირებს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება დაიწყო.