"ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე ქართველ ხალხს ღია წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, "პოლიტიკურმა რვიანმა" ამ ეტაპისთვის თავისი ფუნქცია შეასრულა.
"ახლა სხვა ეტაპი დადგა. "ოპოზიციურ რვიანსაც" მართებს ახალი ეტაპის შესატყვისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და ვფიქრობ, დადგა დრო, როცა ეს საქმე პოლიტიკური ოპოზიციის ფარგლებს უნდა გასცდეს და სხვა მასშტაბი შეიძინოს... დადგა დრო და საპასუხისმგებლო მომენტი, როცა უნდა დავსვათ კითხვა - ვართ თუ არა საზოგადოება და შეგვიძლია თუ არა, რომ ყველანი - ექსპერტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები, უბრალოდ დაინტერესებული ადამიანები - ნაცვლად პასიური შემფასებლებისა, ვიყოთ აქტიურები, ვიმოქმედოთ სადაც შეგვიძლია და რა საშუალებაც გაგვაჩნია. გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა - ჩვენი გაზეთი, ჩვენი ტელე თუ რადიოგადაცემა, სოციალური ქსელები, ჩვენი სამეგობრო, თუ სხვადასხვა სახის აუდიტორია, რათა ყველას დავანახოთ, რაოდენ სახიფათოა პოლიტიკოსთა ხელისუფლებაში ყოფნის ვნებით თუ მოსვლის ჟინით შეპყრობილობა. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის პიროვნული პასუხისმგებლობაცაა, რომ ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას, როგორც ტოტალიტარული სტაგნაციის, ისე რადიკალური კატაკლიზმების გარდაუვალი საფრთხე; რომ გავარღვიოთ მოჯადოებულ წრეზე სიარულის ოცწლიანი მძიმე ტრადიცია და გამოვაჩინოთ ახალი გზის დასაწყისი. ეს არ არის მესამე გზა. ეს არის მთავარი ქართული გზა - ყველაზე იოლი, ყველაზე იაფი, ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე სამართლიანი და ყველაზე პატრიოტული, მაგრამ სამწუხაროდ, 21-ე საუკუნის საქართველოში ჯერჯერობით გამოუყენებელი", - ნათქვამია წერილში.
მასში ჩიხრაძე ასევე წერს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია - ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ ღიად და მკაფიოდ თქვას უარი პოლიტიკური პროცესის რევოლუციურ განვითარებაზე; უნდა გაბედოს ხელისუფლების მომხრე საზოგადოებამ და მკაფიოდ თქვას, რომ სააკაშვილმა ახალი ვადით არანაირი ფორმით არ უნდა დაიკავოს არც ერთი უმაღლესი თანამდებობა; რომ საქართველოს აღარ სჭირდება ხელისუფლების უცვლელობა და არც ძალადობრივი შეცვლა; რომ საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პერსპექტივა და პრეცენდენტი.
"საქართველოში, ღრმად მწამს, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სურს ტუნისურ-ეგვიპტური, მით უმეტეს ლიბიური სცენარის ჩვენს ქვეყანაში განვითარება, მაგრამ ჩვენს წინაშე დგას დილემა და ამ დილემას პასუხის გაცემა სჭირდება. ერთი მხრივ, სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნებით არ დათმობს ძალაუფლებას. ეს, სამწუხაროდ, უკამათო პოსტულატად ჩამოყალიბდა ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის (განსაკუთრებით 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და 9 მარტს წარმოდგენილი ხედვის ფონზე). მეორეს მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანაში რევოლუციური პროცესის განვითარება, შეიძლება სახელმწიფოებრივი სხეულის რღვევის წინაპირობა აღმოჩნდეს", - წერს ჩიხრაძე.
ამასთან, ქართული საზოგადოებისთვის გაგზავნილ ღია წერილში "ახლების" ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას აკრიტიკებს და განმარტავს, რომ დაუშვებელია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით წარუმატებლობა მხოლოდ პოლიტიკურ "რვიანს" დაბრალდეს.
"ამ პროცესში ჩართულ ოპოზიციას (ე.წ. ოპოზიციურ რვიანს) კრიტიკა არც მანამდე აკლდა დანარჩენი ოპოზიციისგან, მედიისა და საექსპერტო წრეებისგან. 9 მარტის შემდგომ კი კრიტიკა, ცხადია, გაორმაგდა. თუმცა, ძნელი სათქმელია, რატომ გადაიქცა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ზრუნვა მხოლოდ ,,პოლიტიკური რვიანის" საქმედ (უფრო კი ტვირთად) და რატომ ჩაითვალა, რომ არავის სხვის (მცირე გამონაკლისების გარდა) ინტერესს ქართულ საზოგადოებაში ეს საქმე არ წარმოადგენს", - წერს ფიქრია ჩიხრაძე.