გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაცია 18 მარტიდან დაიწყება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავად უწყების ხელმძღვანელმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა.
პარლამენტმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციის საკითხი 11 მარტის სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მთელი რიგი ფუნქციები სხვადასხვა უწყებებს გადაეცემა, მათ შორის ბუნებრივი რესირსების მართვა, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენცია ხდება. შესაბამისად, აღნიშნულ სამინისტროებს სახელწოდებებიც შეეცვლებათ და ერქმევათ "გარემოს დაცვის სამინისტრო" და "ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო".
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. პროცესში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც, თუმცა არცერთ განხილვას არ დასწრებია თავად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე და შესაბამისად გარემოს დაცვის საკითხების სამინისტროს "დაცვა", დეპუტატებს და არასამთავრობო სექტორს უწევდა.
პარლამენტში არაერთი შენიშვნა გამოითქვა პროექტთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილი მთავრობამ გაითვალისწინა. მიღწეული შეთანხმებებით, დაცული ტერიტორიების მართვა კვლავ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში დარჩება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღარ გადავა. პარლამენტში აპროტესტებდნენ სატყეო სექტორის ენერგეტიკის სამინისტროში გადასვლას და ითხოვდნენ, რომ ტყითსარგებლობაზე ლიცენზიის გაცემამდე კვოტები გარემოს დაცვის სამინისტროს დაედგინა, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ მომხდარიყო. საბოლოოდ კი, შეთანხმება მხოლოდ იმაზე მოხერხდა, რომ ტყის ფონდის საზღვრების შეცვლის წესს და კვოტებს მთავრობა დაამტკიცებს.
ასევე, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების გაუმჯობესების სფეროს ზედამხედველობას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღარ განახორციელებს და მას პარტნიორობას კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტრო გაუწევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და აღნიშნავდნენ, რომ თუ ნიადაგის კონსერვაცია საჭირო იქნებოდა ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობაში არ შედის, სერიოზული პრობლემები წარმოიქმნებოდა.
პრობლემატური საკითხი იყო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება, რის ენერგეტიკის სამინისტროში გადატანას ეწინააღმდეგებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის ცალკეული წევრები. თუმცა, ამ საკითხზე მთავრობამ და პარლამენტმა პოზიციების შეჯერება ვერ მოახერხეს.