სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ურთიერთშენდობისკენ მოუწოდა.
როგორც პატრიარქმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს ბრძანა, აუცილებელია, ყველას ვთხოვოთ შენდობა, ვისაც შეურაცხყოფა მივაყენეთ ან დავწამეთ ცილი.
"უნდა შევურიგდეთ იმათაც, რომელთაც ჩვენ მოგვაყენეს ტკივილი და შეურაცხყოფა. მაპატიეთ მე ჩემი შეცოდებანი გეტყვით თქვენ მე. ღმერთმა მოგცეთ მადლი, ნათელი ქრისტესი, რომელიც განგვანათლებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგანათლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ თქვენ და მთელი საქართველო აწმყოში და მომავალში იყოს მკვიდრი სასუფეველისა", - ბრძანა კათალიკოს-პატრიარქმა.
ამასთან, ილია მეორემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ მიტევება ნებაყოფლობითია, თუმცა ის ვინც მიუტევებს, მას თავის ცოდვები მიეტევება.
"როგორც შენ მიუტევებ ცოდვებს მოყვასსა შენსა ასევე მოგეტევება შენ", - დასძინა ილია მეორემ.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია მიტევების დღეს აღნიშნავს.