ხვალ, 4 მარტს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ქართველი მეცნიერების ქუვეითში არქეოლოგიური გათხრების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც ცნობილია, გასული წლის 24 დეკემბერს ქუვეითის კულტურის და ხელოვნების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბადერ ალ რიფაიმ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ერთობლივი სამუშაოების შესახებ.
შეთანხმების თანახმად, ქუვეითში ფაილაკას კუნძულზე ყოველწლიურად, ორი თვის განმავლობაში, არქეოლოგიურ გათხრებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი ჩაატარებს.
პირველი არქეოლოგიური ჯგუფი ქუვეითში 2011 წლის 7 მარტიდან აპრილის ბოლომდე იმუშავებს. არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობას 15 ქართველი მეცნიერი და სტუდენტი მიიღებს. პროექტი მთლიანად ქუვეითის მხრიდან ფინანსდება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში პროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი.
პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ხვალ 11.00 საათზე გაიმართება.