საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა.
დავით ტატიშვილის სახელობის ახალი სამედიცინო ცენტრი უახლესი აპარატურითა და სამედიცინო დანადგარებითაა აღჭურვილი. 5-სართულიანი შენობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
დაწესებულების გახსნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა პირადად დაათვალიერა.
"ამ თანამედროვე კლინიკაში, განსხვავებით ძველი დროისგან, ყველა შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია მოსვლა. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია გვაქვს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაზღვევა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ყოველდღიურად არსებობაც კი უჭირდეს, მოვიდეს აქ, ყველაზე მაღალი დონის კლინიკაში და იმკურნალოს", - განაცხადა სააკაშვილმა სამედიცინო დაწესებულების გახსნის შემდეგ.
მისივე განმარტებით, საქართველოს მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში, რომელიც 2015 წლამდეა გაწერილი, ქვეყანაში ყველა საავადმყოფო "იმ დონის, ან თითქმის იმ დონის იქნება", როგორიც ტატიშვილის ახალი კლინიკაა.
"ყველა კლინიკა უნდა იყოს ხალხისთვის ხელმისაწვდომი", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.