დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელის, სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ხელისუფლებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის ორგანიზება არც ერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია.
"არამგონია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხელეწიფებოდეს ხელისუფლებისთვის სერიოზული წინააღმდეგობის ორგანიზება. არც რაიმე ტიპის დაანონსებული რევოლუციის წარმატების შესახებ მსმენია რამე. იმედი მაქვს, რომ "ახალი რევოლუცია", რისთვისაც გაჩეჩილაძის გუნდი ემზადება, არ იქნება გიორგობას, 9 აპრილს და ა.შ. საბაბს ხალხი თვითონ მოძებნის. პოლიტიკური პარტიების ამოცანა კი იქნება, არ გამორჩეს ეს მომენტი და ხელი შეუწყონ ხალხის ორგანიზებულ პროტესტს. ლიდერობა, რასაკვირველია, არა ერთ პოლიტიკურ ძალას მოუნდება, მით უმეტეს, როცა ისინი მშვიდობიან პერიოდშიც ვერ ხედავენ რაიმე კონსოლიდაციის პერსპექტივას ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ ეს საქმის კეთებას არ ნიშნავს", - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, ძალაუფლების ფლობის მიმართ ხელისუფლების დაუფარავი სიხარბე თავად მოიძიებს შემდგომ მიზეზებს გარკეული სახალხო წინააღმდეგობისთვის, მაგრამ რამდენი მიზეზიც არ უნდა იყოს, საბაბი, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვება, ხალხმა უნდა იპოვოს.
"ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ნამდვილად შექმნას რევოლუციის წინაპირობა, ჩემთვის კითხვას აღარ წარმოადგენს. ხდება ეს მათი ნებით თუ უნებლიეთ, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ძალაუფლების ფლობის მიმართ ხელისუფლების დაუფარავი სიხარბე თავად მოიძიებს შემდგომ მიზეზებს გარკეული სახალხო წინააღმდეგობისთვის, მაგრამ რამდენი მიზეზიც არ უნდა იყოს, საბაბი, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვება, ხალხმა უნდა იპოვოს", - დასძინა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე საქართველოში რევოლუციას გარდაუვლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პროცესს სწორედ "ქართული პარტია" წამოიწყებს.