ასოციაცია "სამართალი და თავისუფლების" ხელმძღვანელის, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, ევროკომისარ შტეფან ფულეს მიერ გახმოვანებული ევროპის ახალი მესიჯი, საქართველოსაც ეხება.
"ევროპის აბსოლუტურად ღია და მკაფიო განცხადება, რომ ცდება, როცა უყურებს, როგორ იღუპებიან ადამიანები იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც დასავლეთი არსებობს და ის უნდა დადგეს დემონსტრანტების და არა დიქტატორობისკენ სწრაფი ხელისუფლებებისკენ, არის ღია მესიჯი ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც არის დიქტატურა ან ჰიბრიდული დემოკრატია არსებობს. ასეთია ჩვენი სახელმწიფოც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე განმარტებით, დასავლეთში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყანა შორსაა დემოკრატიისგან და სააკაშვილი უფრო დიქტატურისკენ მიაქანებს ქვეყანას.
"ამისთვის, მხოლოდ ერთი მარტივი ფაქტი შეიძლება დავასახელოთ და ეს არის ის, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას ძალაუფლების 100 % უპყია ხელთ. სხვა მაგალითები (მათ შორის მედიის თავისუფლების ხარისხი, პოლიტიკური პარტიებისთვის არათანაბარი უფლებები და საარჩევნო გარემო... ) შეიძლება არც კი მოვიყვანოთ. ამიტომაც თუ ვინმეს ეხება უპირველესად ფულეს განცხადება, ეს არის საქართველო", - განმარტა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა და აქვე ივარაუდა, რომ დასავლეთს ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებისკენ არაბულ სამყაროში განვითარებულმა მოვლენებმა უბიძგა.
გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილი "გარდაუვალად" მიიჩნევს საქართველოში დემონსტრაციების ახალი ტალღის დაწყებას და ამბობს, რომ საპროტესტო განწყობა თბილისში სომხეთიდან გადმოვა.
"თქვენ ნახეთ, რომ გასულ დღეებში სომხეთში 50-ათასკაციანი დემონსტრაცია შედგა. ეს ტალღა აუცილებლად შეეხება საქართველოს, ეს გარდაუვალია, მთავარია, რამდენად შევძლებთ და რამდენად გვეყოფა იმის გონიერება, რომ არსებული კრიზისი უსისხლოდ მოვაგვაროდ. ხელისუფლებას აქვს განცხადა, რომ ნებისმიერი კრიზისიდან გამარჯვებული გამოვა, თუმცა თუ ამ პოზიციით და განწყობით გააგრძელებს მოქმედებას, შეიძლება უარეს კრიზისამდე და კონფლიქტამდე მივიდეთ", - განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაფართოვებასა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს განცხადებით, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა "დიქტატორებს", რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ.
"ძალიან ბევრი ჩვენგანი იმ ვარაუდის მსხვერპლი გახდა, რომ ავტორიტარული რეჟიმები რეგიონში სტაბილურობის გარანტიას წარმოადგენდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლ დემონსტრანტებს და არა "დიქტატორებს", რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კლავენ. ტუნისის, ქაიროს და სხვა ქალაქების ქუჩებში ადამიანები იმ ღირებულებებისთვის იბრძვიან, რომლებსაც ჩვენც ვიზიარებთ. სწორედ მათთან ერთად და მათთვის უნდა ვიმოქედოთ დღეს და არ უნდა ვითანამშრომლოთ დიქტატორებთან, რომლებიც ამ წუთებშიც საკუთარი მოქალაქეების სისხლს ღვრიან, რითაც ადამიანის სიცოცხლისადმი აბსოლუტურ გულგრილობას ავლენენ", - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.