პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს "ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის "ახალი რევოლუციისთვის" სამზადისი "არადამაჯერებლად" მიაჩნია.
"როცა სამჯერ წამოიწყებ რევოლუციას და შედეგს ვერც ერთხელ მიიღებ, იქ, ბუნებრივია, მეოთხედაც ვერაფერს გახდები. თუ რაიმე არ შეიცვალა - ან ტაქტიკა, ან ხალხის განწყობა...., რევოლუციები მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გსურს, არ მოხდება. ასე რომ, რევოლუციისთვის იგივე გუნდის სამზადისი, რომელმაც ის სამჯერ უშედეგოდ წამოიწყო, არადამაჯერებელია", - განუცხადა საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება გაჩეჩილაძის იმ ვარაუდს, რომ საქართველოში ხელისუფლება სწორედ ეგვიპტური რევოლუციის სცენარით შესაძლოა შეიცვალოს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ერთი და იგივე სცენარი ყველა ქვეყნის მაგალითზე ერთნაირი შედეგით არ მთავრდება.
"ერთი და იგივე სცენარი ყოველთვის ერთნაირად პროდუქტიული არ არის. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც დაინახა, როცა რამდენიმე ქვეყანაში ერთი სცენარით სცადა პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა, თუმცა ეს მცდელობა არ გამოუვიდა", - განმარტა საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლევან გაჩეჩილაძე საქართველოში რევოლუციას გარდაუვლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პროცესს სწორედ "ქართული პარტია" წამოიწყებს. ოპოზიციონერი ლიდერი არც იმას გამორიცხავს, რომ თბილისში მოვლენები კაიროს სცენარით განვითარდეს.