არსად არ წავსულვარ.. აქ ვარ აქ...
ისევ შენს მიწაზე დავდივარ, ისევ დამყურებს შენი ცა... ისევ მტკივა შენი და შენით, მაგრამ ვიცი, რომ წელიწადის 364 დღისგან განსხვავებით, ამ დღეს დარდსა და კაეშანზე არ უნდა გესაუბრო... არც ჭირვეული ბავშვივით უნდა აგიკლო ბუზღუნით და არც ქალწულებრივი მელანქონიით შემოგტირო...
ვიცი, რადგან წელიწადის ამ ერთ დღეს "იუბილარი" ხარ და ათასმეერთედ და ათასგვარად დამონებული,მოტყუებული და შეურაცხყოფილი - "დამოუკიდებლობას" ზეიმობ!..
***
თვრამეტი წელი გავიდა...
თვრამეტი ხანგრძლივი და ხანმოკლე წელი, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და დამოუკიდებელი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები გვქვია(!)
ბევრი რამ შეიცვალა ამ თვრამეტ წელიწადში... ძალიან ბევრი...
დავკარგეთ სამაჩაბლო... დავკარგეთ აფხაზეთი... გვქონდა სამოქალაქო ომი... გადავწვით თბილისი... მოვაწყეთ სახელმწიფო გადატრიალება... ერთმანეთს ვესროლეთ... ერთმანეთი გავიმეტეთ ტყვიისთვის, ტალახის გუნდებისთვის, უსახლკარობისთვის, შიმშილისა და მიუსაფარობისთვის... გვქონდა აგვისტოც, ორასამდე დაკარგული ქართული სოფლითა და ლამის თბილისამდე მოსული რუსული ჯარით...
გვაქვს უამრავი, მილიარდობით დაგროვილი სახელმწიფო ვალი...გვყავს მილიონობით ემიგრანტი ...ათასობით დევნილი და რიგით მესამე პრეზიდენტი!..
ხოდა, როგორც დედამ შვილს, როგორც უზენაესმა უმცირესს, როგორც ხატმა და სალოცავმა მლოცველს, მითხარი - რა, ან როგორ მოგილოცო???
***
მახსოვს, პირველად ნიკო ლორთქიფანიძის "იყიდება საქართველო", რომ წავიკითხე, უკვე მოწიფულმა გოგომ მთელი კლასის თვალწინ იმდენი ვიზლუქუნე, ვიდრე შეწუხებულმა და დაბნეულმა მასწავლებელმა სახლში წასვლა და დამშვიდება არ შემომთავაზა.
ისიც კარგად მახსოვს, 9 აპრილის შემდეგ, თემურ წიკლაურის "იყიდება საქართველოს" მოსმენისას უნებურად ხელებს მუშტებად რომ ვკრავდი, როგორც ყელში გაჩხერილ ბოღმას.
მაშინ არა, მაგრამ ახლა ვაცნობიერებ - რუსთაველის თეატრში "ჰამლეტი" ჩვიდმეტჯერ იმიტომაც ვნახე, დანიის პრინცისგან რომ გამეგო ის, რასაც ჩვენში ხმამაღლა არავინ ამბობდა: „რაღაც დალპა ამ ქალაქში!.." მაშინ ჩვენი ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში თოფის წამლისა და დენთის სუნი იდგა და ავტომატიანი კაცები დადიოდნენ...
როცა პაპაჩემმა, ერთ დღეს, ოჯახური ვახშამი დასაწყისშივე არატრადიციულად დაამთავრა, თეფში გვერდზე გაწია და თავჩაღუნულმა თქვა - „აფხაზეთი გაყიდულია და ამ ბიჭებს წაგებულ ომში ვუშვებთო"- გავბრაზდი და პირველად შევკადრე შეკამათება. იმ საღამოს შუქი მოვიდა, „ფესვებს" ვუყურე და ცრემლები ფილმის სიუჟეტზე და ლევან აბაშიძეზე თანაბრად გადავანაწილე...
მაშინ შენ სულ რაღაც ერთი-ორი წლისა „იყავი", როგორც დამუკიდებელი, ჯერ „ფეხაუდგმელი" ქვეყანა და მეც, როგორც შენმა ერთმა, მემილიონედმა ნაწილმა არ ვიცოდი, რომ - ყოველივე, რაც ადამიანის შიგნითაა, ისევე „ექვემდებარება" ყიდვა-გაყიდვის პროცეს, როგორც დახლზე გამოფენილი სუკის ნაჭერი, მარილი და ჭანჭიკი...
მაშინ არც ის ვიცოდი, "გასტრონომიული იდეოლოგიის" საზოგადოებას რომ ქმნიდი დეკლარირებული დამუკიდებლობით,თავსაც იტყუებდი და ჩვენც გვატყუებდი - მონობის უღელი სამუდამოდ გადავაგდეო!.. ის მხრებიდან "გადაგდებული" უღელი სამუდამოდ არ გადაგიგდია. ამ თვრამეტი წლის მანძილზე ეტაპობრივად "გედო" ჯერ კუჭზე, მერე გულზე და ვშიშობ ეხლა გონებაზეც "შემოიდე"!..
***
ჩვენ მუდმივად გვაკლდა ერთსულოვნება...
ჩვენ მუდმივად ვინტერესდებით ლოკალური, კონკრეტული ფაქტებითა და მოვლენებით და დღემდე ვერ შევძელით ჩვენს თავს დატრიალებული უბედურების ფართო, მასშტაბურ ჭრილში განხილვა...
ამიტომაც ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ - ნებისმიერი ხელისუფლება სწორედ იმიტომ გვერევა და გვჯაბნის, რომ ჩვენ საზოგადოზე წინ ყოველთვის კერძო ინტერესებს ვაყენებთ.
გვჯაბნის იმიტომაც, რომ ჩვენთვის პატრიოტიზმი მუდმივად თანმდევ მცნებად კი არა, ერთგვარ აქსესუარად იქცა, რომლითაც მხოლოდ დღესასწაულებზე და პანაშვიდებზე ვიკაზმებით(!)
სხვა შემთხვევაში და სხვა საზოგადოების პირობებში, ვერცერთი თავზეხელაღებული ხელისუფლება ვერ ჰკადრებდა და გაუბედავდა საკუთარ ხალხს იმას, რასაც ამ თვრამეტი წლის მანძილზე, რიგ-რიგობით გვკადრებბენ და გვიბედავენ...
ასეთია, დამოუკიდებელი ქვეყნის დამონების დაწერილი და დაუწერელი "კანონი"(!)
მაგრამ ჩვენ, რიგით ქართველებს, გვაკმაყოფილებს კი, დეკლარირებულ დამოუკიდებელ სახემწიფოში "არადეკლარირებულ" მონებად ყოფნა?..ვის ველოდებით, ნუთუ ისევ პოლიტიკურ "მესიას"?..
ნუთუ დღემდე ვერ გავიაზრეთ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ჩვენ მხოლოდ მასებად ქმნილი და მასებად დაყოფილი ვჭირდებით...მხოლოდ მაშინ მოგვიშვებს "საბელსა" და "ბორკილებს", როცა ქვეყნის გაღმელი "სცენარისტებისაგან" მიიღებს დირექტივას - მასები გარეთ!!!
...და მერე რაში სჭირდებათ ის მასა, რომელიც მანამდე, წინა "სპექტაკლის" შემდეგ, უვარგისი ნივთივით მოისროლეს ბნელ კულისებში?... არაფრად!... გარდა იმისა, რომ დეკორაციის ფუნქცია მიანიჭონ... დეკორაციად შეკრან, შეაფერადონ, შეაკეთონ და შეფუთონ... მერე კი, დეკორაციასავით დაშალონ და ააწყონ მორიგ სპექტაკლზე, სადაც სცენარით ასევე იქნება გათვალისწინებული - მასები გარეთ!!!
...და ჩვენც გავდივართ, თავისუფლებასა და გამარჯვებას დაწყურებული ილუზიებით... გავდივართ ვინმე ფსევდო, თუ ცრუ პატრიოტთა დაძახილზე, გავდივართ დროშებითა და ომახიანი შეძახილებით, და ისევ ვტყუვდებით... ათასმეერთედაც ისე ვტყუვდებით, თითქოს პირველად მოგვატყუეს(!)
მარტივ მამრავლებად დაშლილი და ერთად შეკრული - აი, ვინ ვართ ჩვენ საკუთარი ხელისუფლებისათვის - მარტივ არითმეტიკამდე დასული, მარტივი არითმეტიკით შექმნილი და დაშლილი მასა(!)
***
მაინც სად, როგორ, ან როდის უნდა იგრძნოს ნეტავ კაცმა თავისუფლება?..
იქნებ მაშინ, როცა ლუკმა პურს სტაცებენ და გარეთ აგდებენ...როცა სამშობლოს, ცას და მიწას, მამულს ართმევენ, ან უყიდიან?...
იქნებ მაშინ, როცა გროშიც არ უგდია მომეტებულად, რომ სამოწყალოდ გამოწვდილი მოხუცის ხელებს, ჯაფით დაღლილს, დანაოჭებულს, ანდა უმწეო ბავშვის ხელებს, ჯერაც ვარდისფერ ხელისგულზე, გამეტებულად და უშურველად ჩამოურიგოს... და არ იფიქროს, რომ თავადაც მათხოვარია, ხელგაუწვდელი(!)
იქნებ მაშინ, როცა მუდმივად შიში აქვს და აქვს მოლოდინიც, რომ რომელიმე ბრმად გასროლილ ტყვიას ემსხვერპლოს, თავად თუ არა, ვინმე მოკეთე... ან, სულაც მტერი(!)
მაინც სად, როდის, ან როგორ უნდა იგრძნოს ნეტავ კაცმა თავისუფლება, როცა პატივი ღირსებასთან ერთად აჰყარეს და აუკრძალეს თვით სუნთქვაც კი, ძველებური თავისუფლებით(!)
როცა წაართვეს მართლის თქმის და სიტყვის უფლება, და მდუმარების დიდი ბურთი ჩასჩარეს პირში... როცა მეცნიერს მიუჩინეს უფასო კუბო, უფასო ვარდი და სიკვდილამდე "სუპიც" უფასო...
როცა გაგვრეკეს საზღვრების მიღმა პურის საშოვნად, კერა ჩაგვიქრეს, ეზო -კარი აგვიბალახეს...ხოლო ვინც დავრჩით, ყველა ერთად მოგვინახირეს და ერთ "ძელზე" გამოგვაბეს დიდი საბელით...
დათვლილი და განსაზღვრული გვაქვს ყველა ნაბიჯი... და თუ ვმოძრაობთ, ან გარს ვუვლით საკუთარ თავებს; ანდა "მარშრუტი" წინსვლისა და უკან დახევის, "განსაზღვრული" გვაქვს საბელის სიგრძით(!)
მაინც, სად, როგორ უნდა ვიგრძნოთ თავისუფლება, როცა უფალსაც ლამისაა დაადონ "ხარკი"...ანგელოზებსაც ლამისაა "აეკრძალოთ" ზეცაში ყოფნა... კანონის ძალით ტაძრის კარსაც დაადეს "ლუქი" და და თვით უფალსაც "აუჭედეს" სახლის კარები(!)
მაინც სად, როდის, ანდა როგორ უნდა იგრძნოს ნეტავ კაცმა თავისუფლება?!..
***
ყოველი დღე სანახაობით იწყება და სანახაობით მთავრდება. ყოველი დღე სანახაობის "ხარისხით" ფასდება, რადგან ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი, არსებითი და განმსაზღვრელი, ისევ სანახაობაა!..
ჟანრობრივი მრავალფეროვნება სანახაობისა: კომედიას დრამა ცვლის, დრამას მიუზიკლი, მიუზიკლს მელოდრამა... არის თემატური მრავალფეროვნებაც და რაც მთავარია, არის მოტივი და სურვილი, არის აუცილებლობა - თამაშისა....მუდმივი თამაშისა!...
მთელი ქვეყანა დაემსგავსა ერთ დიდ ავანსცენას, სადაც სანახაობის დამკვეთიც, რეჟისორიცა და შემსრულებელიც ხელისუფლებაა...
სადაც თამაშობენ და ოცნებობენ ხმამაღლა, მტკიცებით ფორმაში, ოცნებობენ რეალობის სახელით და ილუზიურ სამყაროში ეპატიჟებიან, ილუზიურ სამყაროში "ატყვევებენ" საკუთარ ხალხს...
ხალხს კი მუდმივად უნდა პური და სანახაობა!
პური არ არის, ამიტომ სანახაობა მაინც უნდა იყოს და თანაც რაც შეიძლება ბევრი...
იციან და თამაშობენ კიდეც, და როგორც სცენაზე გმირის მანტია მოხვეული ტაკიმასხარის გამოჩენას სჩვევია, "აუდიტორიაშიც"(რომელიც ქართველი ერისგან შესდგება), ერთნი აღტკინებულ ტაშს უკრავენ, მეორენი კი - პროტესტის ნიშნად ტოვებენ "დარბაზს"...
უბედურებაც ისაა, რომ ეს "დარბაზიც" საქართველოში დგას, ეს ავანსცენაც, ეს საგრიმიოროც, ეს კულისებიც და ეს დეკორაციებიც(!)
***
როდესაც დიდმარხვის დაწყებამდე, სინანულის დღეს, შენი ქვეყნის კათოლიკოს პარტრიარქი გამოვა და მთელ ერს დაუჩოქებს... როდესაც უწმინდესი აქეთ გვთხოვს ფარისევლებს, მცირედ მორწმუნეებს, მკვლელებას და მეძავებს, ცოდვების მიტევებას; ხოლო პრეზიდენტი ამ დროს კოხტა გორიდან ანცი ბავშვივით დაეშვება თხილამურებით, მაშინ ლოცვებში, საკუთარი მთავრობის მოხსენიებისასა, მცირედ მაინც შეყოვნდები...
როდესაც , შენი სახელმწიფოსა და მთავრობის ყველაზე დიდ"მონაპოვარს" პატრული და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილი, ერაყის ომში გასაგზავნად გამზადებული ქართული ჯარი წარმოადგენს, გელათში შესვლა და დავით აღმაშენებლის საფლავზე ფეხის დადგმა, ბევრად თუ არა, ცოტათი მაინც უნდა გაგიჭირდეს...
როდესაც მერაბ კოსტავას ბიუსტს მოგპარავენ და ლუკმა პურის მოსაპოვებლად ჯართში ჩაგიბარებენ, როდესაც ტიციან ტაბიძის მემორიალურ დაფას ერთი დღის საარსებო მინიმუმში გაგიცვლიან; შენ კი ამ დროს მოცეკვავე შადრევნების მზერით ტკბები და ფიქრობ, რომ "ცხოვრება მშვენიერია", მაშინ თავიც უნდა დაიწყევლო და ამაზე მეტი "მშვენიერება" არც საკუთარ თავს და არც შენს ხელისუფლებას აღარ უნდა უსურვო...
როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში, შენი დედაქალაქის ყველაზე დიდ თვალსაჩინოებად მუდმივი ელექტრო-ენერგიით განათება ითვლება; როდესაც ლამის სახემწიფო ჰიმნად გიქციონ ფრაზა: "თბილისი სინათლის ქალაქია", მაშინ საკუთარი თავისა და ვახტანგ გორგასლის თუ არა, პირველ ევროპელობაზე პრეტენზიის მქონე - მზიას და ზეზვას ჩონჩხების მაინც უნდა შეგრცხვეს...
როდესაც შენი ქვეყნის ხელისუფლება და დედაქალაქის მთავრობა დიდის ზარზეიმით გამცნობს პროგრამა "მაქსიმუმს" და გიცხადებს, რომ "სინათლის ქალაქის შემდეგ, თბილისი სისუფთავის ქალაქად უნდა აქციოს"; როდესაც მას, ამის ხაზგასმა და შენთვის დაყვედრება სჭირდება, მაშინ უნდა იფიქრო, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებამ პროგრამა "მინიმუმში" გადაინაცვლა...
როდესაც შენი სახემწიფო, შენი განათლების, ინტელექტისა და სამეცნიერო ხარისხის მიუხედავად და განურჩევლად, მხოლოდ მეეზოვის ვაკანსიასა და უკეთეს შემთხვევაში, ნაც-მოძრაობის აგიტატორობას გთავაზობს, ესე იგი ვერც შენი და ვერც შენი ქვეყნის საქმე კარგად ვერაა...
როდესაც შენივე ხელისუფლება, რომელმაც თავად გაქცია მშიერმუცელა მონად, შენი სულის წარწყმედასაც შეეცდება, საკუთარი სინდისის მოღალატედ გაქცევს და შენი მეზობლისა და მოკეთის დაბეზღებაში ათასებს გადაგიხდის... როდესაც სახლში ჯაშუშობითა და არაკაცობით ნაშოვნ ფულს მიიტან და "შიმშილისაგან ძუკნა ძაღლებს დამსგავსებულ" შვილებს ამ ფულით გამოკვებავ, მაშინ ის ლუკმაც არამია შენთვის და ისღა დაგრჩენია, თუ სადმე, ბნელ კუთხეში, "დათა თუთაშხია" წიგნად მაინც გიგდია, გაიტანო და უნიტაზის გვერდით დადო...
***
ხოდა, ყოველივე ამის შემდეგ, ოცდაექვსჯერ და უფრო მეტჯერაც , რომ დაგიფიცეთ ამ თვრამეტი წლის მანზილზე ტყუილზე, მითხარი რა, ან როგორ მოგილოცო???
ოცდაექვსჯერ და უფრო მეტჯერაც ამაოდ რომ ვიბრახუნეთ ხელები გულზე... თანაც ისე, რომ ლამის გულის ფიცრები შევინგრიეთ, მაგრამ გულებამდე, საკუთარ გულებამდეც, რომ ვერ "მივაღწიეთ" შენც ხომ იცი და ჩვენ ხომ, ვიცით და ვიცით...
ხელისუფლება მაინც იზეიმებს 26 მაისს...
იზეიმებს, რადგან უყვარს დღესასწაულები, პომპეზურობა, პოლიტ-შოუები და მუდამ ავანსცენაზე დგომა..
უყვარს მასკარადები, ნიღბების ცვლა და პატრიოტობანსა ნიღბებით თამაში...
მნიშვნელობა არ აქვს სად გამართავს ამ ზეიმს: დედაქალაქში, ზღვაში ფონზე, თუ მწვერვალზე ამომავალი მზის პეიზაჟზე...მთავარია, რომ გამართავს(!)
"ჩვენც" ვიზეიმებთ და "ისინიც"იზეიმებენ...
...ქალაქის ქუჩებს ფეტვის მარცვალივით მოიფინება "პოლიტიზირებული" იმედი - იმედს დანატრებული, დამშეული და იმედზე "დაგეშილი" ხალხისათვის...იქნება დაპირებები - ცარიელი, სიფრიფანა, ჰაერივით გამჭვირვალე ქაღალდზე დაწერილი...ჰაერში თქმული და ჰაერშივე გაფანტული, რომელიც ჩვენ, ყველამ, არაერთხელ "ჩავისუნთქეთ"..."ჩავისუნთქეთ" და ეხლა "ამოსუნთქვა" გვიჭირს...
იქნება "ნიღბების კარნავალიც" ...
ავანსცენაზე კლოუნი დგას ჭრელი ნიღაბით...ნიღბები ყველგან - სახლშიც და კარშიც, ნიღბები ყველგან!.. ნიღბები ყველას - ერსაც და ბერსაც, ნიღბები ყველას!...
პ.ს.
...და ამ მილიონიან ქალაქში, და ამ მილიარდიან სამყაროში არავინ იტყვის... არავინ გეტყვის, რომ ასე "მორთულ-მოკაზუმულს", ლპობაშეპარული ვარდის სურნელით გაჟღენთილს, ნიღბებში გამოწყობილსა და თეთრ "ზეწარში" გახვეულს - კი არ გყიდიან, გაგყიდეს უკვე(!)
...ხოდა, როგორც დედამ შვილს, როგორც უზენაესმა უმცირედს, როგორც ხატმა და სალოცავმა მლოცველს, მითხარი - რა , ან როგორ მოგილოცო???
მითხარი, რომ ვცდები!...
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი