უკრაინული მედიის ინფორმააცით, გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს, კიევში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია სამი ადამიანი. ინფორმაციას ავრცელებს.
კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად აფეთქებები და ხანძრები ობოლონისა და ჰოლოსიივის რაიონებში დაფიქსირდა. მასშტაბური ხანძარი გაჩნდა „პეტროვკის“ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
რუსეთმა იერიში მიიტანა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი რიჰზე. დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა სამრეწველო ობიექტებს დაარტყა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 13 დაშავდა.
ამასთან, ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის განცხადებით, რუსებმა რაიონის დასახლებულ პუნქტებსაც შეუტიეს. ერთ-ერთი რუსული მართვადი ავიაბომბი სოფელ ვიქტოროვკაში მდებარე საცხოვრებელ სახლს მოხვდა და მთლიანად გაანადგურა. თავდასხმის შედეგად 66 წლის კაცი და 64 წლის ქალი დაიღუპნენ.