მაროკოს უსაფრთხოების ძალებმა 15 აგვისტოს აღკვეთეს 100-ზე მეტი მიგრანტის მცდელობა, უკანონოდ გადაეკვეთათ სახმელეთო საზღვარი და ესპანეთის ანკლავ სეუტაში გადასულიყვნენ.
მედიის ინფორმაციით, ძალოვანებმა მიგრანტების ნაწილი დააკავეს და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ინციდენტი სეუტასთან მდებარე მაროკოს ქალაქ ფნიდეკის რაიონში მოხდა. მაროკომ და ესპანეთმა საზღვარზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს სეუტაში მიგრანტების მასობრივი გადასვლის მცდელობას ათეულობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
მიგრანტები სასაზღვრო ბარიერის გადალახვას ცდილობდნენ. მათ თან ჰქონდათ წერაქვები, თოკები და სხვა საშუალებები, რომლებიც ღობის გადასალახად უნდა გამოეყენებინათ.
მაროკოს უსაფრთხოების ძალებმა ტერიტორიის დაცვა წინასწარ გააძლიერეს, რადგან სოციალურ ქსელებში ახალი მასობრივი საზღვრის გადაკვეთისკენ მოწოდებები ვრცელდებოდა.
ახალი ცნობებით, მაროკოს ძალოვანებმა 15 აგვისტოს 111 ადამიანი შეაჩერეს, ხოლო 61 პირი უკანონო მიგრაციის წაქეზების ბრალდებით დააკავეს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მიგრანტების ჯგუფი სეუტის საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში შეაჩერეს. მაროკოს პოლიციამ ტერიტორია ალყაში მოაქცია და მიგრანტები დაშალა, რის შემდეგაც მათი ნაწილი დააკავეს.