პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი „ევროპული ლეგიონის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც, სხვა პროფესიონალებთან ერთად, ომის დასრულების შემდეგ უკრაინელი ვეტერანებიც შეძლებენ გაწევრიანებას.
სიკორსკიმ ამის შესახებ ბერძნულ გამოცემა Kathimerini-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„როგორც ევროკავშირს, ჩვენ გაცილებით უფრო ღრმა სამხედრო ინტეგრაცია გვჭირდება. სწორედ ამიტომ მტკიცედ ვუჭერ მხარს „ევროპული ლეგიონის“ შექმნას - სპეციალიზებული მუდმივი შეიარაღებული ძალების, რომელთა შემადგენლობაშიც შესაძლებელი იქნება გამოცდილი პროფესიონალების გაწევრიანება მთელი ევროპული ოჯახიდან, მათ შორის, ომის დასრულების შემდეგ, ბრძოლებში გამოცდილ უკრაინელ ვეტერანების“, - განაცხადა სიკორსკიმ
სიკორსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ყოველ ჯერზე ვაშინგტონს მივმართოთ, როცა ჩვენს ეზოში ხანძარი გაჩნდება - იქნება ეს ტრადიციული საფრთხე თუ ის, რომ მოსკოვი აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციულ ნაკადებს ევროკავშირის წინააღმდეგ იარაღად იყენებს“, - დასძინა მან.
ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საუბარი ნატო-ს პარალელური ალტერნატივის შექმნას ან ალიანსის სტრუქტურების დუბლირებას არ ეხება.
„ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ევროპული საყრდენი უფრო ძლიერი ნატო-ს ფარგლებში. ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება. შეერთებული შტატები ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შეუცვლელ საყრდენად რჩება, თუმცა მისი როლი ვითარდება. ამერიკა კვლავ უზრუნველყოფს უპრეცედენტო ტექნოლოგიურ და სადაზვერვო შესაძლებლობებს, მაგრამ ევროპამ ადგილზე ძირითადი სამუშაო თავად უნდა შეასრულოს“, - განაცხადა მან.