უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალა რუსეთის შეტევითი ოპერაცია, რომელიც მათ მარტში ჰქონდათ დაგეგმილი. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ილაპარაკა.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩაშალეს რუსეთის სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია, რომელიც მტერმა მარტში დაგეგმა.
და მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები მუდმივია, თავდასხმები გრძელდება, თავდასხმების ინტენსივობა, დაპირისპირების მასშტაბი არ არის ის, რაც რუსებმა დაგეგმეს და რაც მათმა სარდლობამ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაჰპირდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მან და პრემიერ-მინისტრმა იულია სვირიდენკომ რეგიონებისთვის მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელება განიხილეს.
მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ ამისთვის სრული ფინანსური რესურსები იყოს ხელმისაწვდომი, რაც დიდწილად პარტნიორებზეა დამოკიდებული.
„ამიტომ არის მნიშვნელოვანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. მნიშვნელოვანია დახმარების პაკეტები. და ევროპულმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის უკვე მიღებულმა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებამ, უნდა იმუშაოს.
ევროპის სიტყვა უნდა მოქმედებდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიური სიტუაციისა თუ მსოფლიოში არსებული ნებისმიერი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენი რეგიონები მომავალი ზამთრისთვის ისე მოემზადონ, როგორც გასულმა ზამთარმა გვასწავლა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.