გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ისრაელის მიერ ლიბანში სახმელეთო ოპერაციის მოსალოდნელიშედეგების შესახებ ისაუბრა.
„ასეთი შეტევა კიდევ უფრო გააუარესებს ისედაც უკიდურესად დაძაბულ ჰუმანიტარულ და მიგრაციულ სიტუაციას“, - განაცხადა მერცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ამიტომ, ჩვენ მკაცრად მოვუწოდებთ ჩვენს ისრაელელ მეგობრებს: არ დაადგნენ ამ გზას. ეს შეცდომა იქნება“, - აღნიშნა მან.
მერცმა განაცხადა, რომ გერმანია „მკაცრად გმობს“ იმ ფაქტს, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფება ჰეზბოლამ განაახლა ისრაელზე თავდასხმები თებერვლის ბოლოს ირანზე აშშ-ისრაელის ერთობლივი დარტყმების დაწყების შემდეგ.
მან მოითხოვა, რომ ლიბანის რადიკალური შიიტური მოძრაობის მებრძოლებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები და დაყარონ იარაღი.
„ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ძალისხმევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებების დაწყება“, - დასძინა კანცლერმა.
ამავდროულად, გერმანიის მთავრობა მოუწოდებს ისრაელის არმიას, „თავი შეიკავოს“ ლიბანში სამოქალაქო სამიზნეებსა და გაერო-ს სამშვიდობო ძალებზე თავდასხმებისგან.
ამასთან, მან გამორიცხა მისი ქვეყნის მონაწილეობა აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომში. „ჩვენ არ გვაქვს მანდატი, რომელიც მოთხოვნილია გაერო-ს, ევროკავშირის ან ნატო-ს ძირითადი კანონით. ამიტომ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ომი ნატო-ს საქმე არ არის“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მან აღნიშნა, რომ არც აშშ-ს და არც ისრაელს არ გაუვლიათ კონსულტაცია გერმანიასთან სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.
„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.