საიას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესულ ცლილებებს რეპრესიულს უწოდებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შესული ცვლილებები წარმოადგენს „ქართული ოცნების” რეპრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც მიმართულია გამოხატვის თავისუფლების, პოლიტიკური დისკურსის, პლურალიზმის, მედიის და სამოქალაქო სივრცის შევიწროვებისკენ“.
ამასთან, საია-ს შეფასებით, გამომდინარე წინარე პრაქტიკისა, რომელიც მოიცავდა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში და სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო ადმინისტრაციულ სანქციებს, ეს ცვლილებები რეპრესიულად იქნება გამოყენებული მოქალაქეების და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.
„საქართველოს პარლამენტში 2025 წლის 18 ივნისს ,,ქართული ოცნების“ ინიციირებული ცვლილებები დაჩქარებულად განიხილეს და 27 ივნისს მესამე მოსმენით მიიღეს.
ცვლილებებით უქმდება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი გარანტიები. განსაკუთრებით საყურადღებოა კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება და ცილისწამებისთვის მტკიცების ტვირთის გადატანა მოსარჩელიდან მოპასუხეზე. ცილისწამებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ჩანაწერი იცვლება „შესაბამისი პასუხისმგებლობით“. საგანგაშოა, ასევე, კონფიდენციალური წყაროსა და პროფესიული საიდუმლოების დაცვასთან დაკავშირებით გატარებული ცვლილებები. ასევე, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გავრცელება ცვლილებების მიღებამდე პერიოდზეც იქნება შესაძლებელი, რაც, საიას შეფასებით, არღვევს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს”, - აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში.
ასევე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ცვლილებებს მიმოიხილავს.
„კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება და საჯარო პირების მიმართ ცილისწამების მოწესრიგება:
კვალიფიციური პრივილეგია ცვლილებებამდე წესრიგდებოდა შემდეგნაირად: იგი გულისხმობდა გამოხატვის უფლების დაცვას არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის ისეთ შემთხევაში, თუკი [გამომხატველმა]:
მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად;
იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს;
მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით;
მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს;
მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.
კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტს. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლების უფლება მოიცავს შეურაცხყოფის, კრიტიკის, კომენტარის გაკეთების ან მათ შესახებ საუბრის უფლებას, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების ასპექტებზე. კვალიფიციური პრივილეგიის უმთავრესი მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ დისკურსს საჯარო და თანამდებობის პირების შესახებ, რადგან, რაც უფრო მნიშვნელოვანია საჯარო ფიგურა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის წარმოადგენს პოლიტიკურ ფიგურას ან ნებისმიერ საჯარო ფუნქციას ასრულებს და არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, მით უფრო მეტად ტოლერანტული უნდა იყოს ის მის მიმართ დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპების შესაბამისად აზრთა ცვლაზე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს თუნდაც დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ ან შოკისმოგვრელ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს შეეხება.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი ასევე მაღალი სტანდარტით იცავს გამოხატვის თავისუფლებას ისეთ შემთხვევებში, როდესაც გამოხატვა შეეხება პოლიტიკურ სფეროში მოღვაწე პირებს და საჯარო ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საჯარო დებატებს. ყველა საჯარო პირი, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორიცაა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, ლეგიტიმურად ექვემდებარებიან კრიტიკას და პოლიტიკურ ოპოზიციას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაუშვებლად მიიჩნევს რაიმე სახის გამონათქვამების შეზღუდვას იმ მიზნით, რომ დაცული იყოს ხელისუფლება, საჯარო ინსტიტუციები და მათი წარმომადგნელები კრიტიკისგან, უპატივცემულობისგან და ცილისწამებისგან.
კვალიფიციური პრივილეგიის გაუქმება პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ სტანდარტებს. თავისი არსით, კვალიფიციური პრივილეგია საშუალებას აძლევს ადამიანებს, მიიღონ მონაწილეობა საჯარო პოლიტიკურ დისკურსში, გააკრიტიკონ და აზრი გამოთქვან მაღალი თანამდებობის პირებზე, რისი უფლებაც მოქალაქეს ლეგიტიმურად აქვს. მე-15 მუხლის ამოღება იწვევს ამ უმნიშვნელოვანესი დაცვის გარანტიის ფაქტობრივად გაუქმებას. აზრისა და გამოხატვის თავისუფლება პიროვნების სრული განვითარების აუცილებელი პირობაა. ეს უფლება აუცილებელია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის, რადგან ის წარმოადგენს ყველა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედს.
მტკიცების ტვირთის განაწილება ცილისწამების საქმეებზე:
„ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს ცილისწამების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გადატანას მოსარჩელიდან მოპასუხეზე. საჯარო ფიგურების მიმართ აზრის გამოხატვის სისწორეზე მტკიცების ტვირთის გადატანა მოპასუხეზე წარმოადგენს „მცდარობის პრეზუმციის” დაწესებას. ჟურნალისტები თავისუფლები უნდა იყვნენ დაამტკიცონ თავიანთ პუბლიკაციებში მითითებული ფაქტების სიმართლე უბრალოდ იმის ჩვენებით, რომ ისინი სამართლიანად და პასუხისმგებლობით მოქმედებდნენ. კანონში მოქმედი ჩანაწერი შეესაბამებოდა ამ სტანდარტს და მისი შეცვლით უკიდურესად ეცემა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი საქართველოში.
მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანა მუდმივ პრობლემას წარმოადგენს მედიის მიმართ აღძრულ საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებში (SLAPP), როდესაც საქმეები ფიქციური მიზნით იწარმოება, და, მოსარჩელის მიზანი, არა საკუთარი უფლებების დაცვა, არამედ, კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობაა. ამ ტიპის საქმეების ანალიზი აჩვენებს სასამართლო ხელისუფლების უამრავ პრობლემურ მიდგომას, მათ შორის: სარჩელების არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროვებულ ვადებში განიხილვა, სასამართლო გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე დაკისრება, სასამართლო ე.წ. ცილისწამების სარჩელის საფუძვლიანობას ფორმალურად მიდგომა და შესაძლო ფიქციური მიზნის არ შემოწმება. პრობლემურია, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლების კოლიზიისას სამართლიანი ბალანსის დადგენის კუთხით. ბოლო საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო გააუარესებს ასეთ საქმეებზე სასამართლოს მიდგომას და მეტად შეზღუდავს მედიის თავისუფლებას, რადგან მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემური სასამართლო მიდგომა უკვე ფორმალური საკანონმდებლო საფუძვლის სახით იქნება რეგულირებული.
ცილისწამების საქმეებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ჩანაწერის შეცვლა:
ძველი რედაქციის მე-13 მუხლი სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას განსაზღვრავს კერძო პირის ცილისწამებისათვის. ახალი რედაქციის მე-13 მუხლი ცვლის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ჩანაწერით „ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა“. გარდა იმ ფაქტისა, რომ მსგავსი ჩანაწერი ბუნდოვანი და გაურკვეველია, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპარლამენტო განხილვისას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომომადგენლების მიერ გაჟღერდა მოსაზრება, რომ სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა ცილისწამებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ცილისწამებაზე არის უხეში ჩარევა გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფოებს, არ დააწესონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ცილისწამების საქმეებზე. ევროპის საბჭოს სამართლებრივ სივრცესა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ცილისწამებისთვის სისხლის სამართლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელები ფართოდ განიხილება, როგორც არაპროპორციული, გამოხატვის თავისუფლებაზე მათი დამაზიანებელი ზემოქმედების გამო. სასამართლოების მიერ ასევე განიხილება მაღალი ჯარიმები, როგორც გამოხატვის თავისუფლების უფლების არაპროპორციული და გაუმართლებელი შეზღუდვა.
იმის გათვალისწინებით, რომ, ისეც ხშირია დისპროპორციული შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლებაზე საქართველოში, ცილისწამებაზე პოტენციურად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენაზე ახალი ნარატივებისა შექმნა წარმოადგენს სახიფათო პრეცენდენტს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იქნება კრიტიკული აზრის ჩახშობის და დევნის კიდევ ერთი იარაღი.
კონფიდენციალური წყაროს და პროფესიული საიდუმლოების დაცვის სტანდარტი:
კანონში შესული ცვლილებებით ასევე სუსტდება სტანდარტი, რომელიც იცავდა პირს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისგან, მაშინ, თუკი ამისი ერთადერთი მიზეზი იყო კონფიდენციალურ წყაროს, პროფესიულ საიდუმლოების ან ინფორმაციის წყაროს არ გამხელა. ზოგადად, გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოებებში, როდესაც სახელმწიფოს და მისი წარმომადგენლების საქმიანობა და გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება დემოკრატიულ ან სასამართლო შემოწმებას მათი კონფიდენციალური ან საიდუმლო ხასიათის გამო. ასეთ კონტექსტში, ინფორმაციის გამჟღავნება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგან ის საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას გააკონტროლოს იმ მთავრობის ქმედებები, რომელსაც მან თავისი ინტერესების დაცვა ანდო. სტანდარტის შესუსტება ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ნაკლებად იქნება დაცული ჟურნალისტი, როდესაც ის ავლენს მაღალი თანამდეობის და საჯარო პირების კორუფციას ან სამართალდარღვევას, რაც შესაბამისად გამოიწვევს საზოგადოების ნაკლებ ინფორმირებას, რაც არღვევს გამოხატვის თავისუფლების მთავარ მიზანს.
უსაფრთხოების პრინციპის დარღვევა:
შემაშფოთებელია ის ფაქტიც, რომ კანონის მოქმედება ვრცელდება ცვლილებების მიღებამდე 100 დღეზე, რაც წარმოადგენს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევას. სამართლის თეორია მიუთითებს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების / განსაზღვრულობის პრინციპი მიზნად ისახავს ადამიანების გონივრული მოლოდინების დაცვასა და შენარჩუნებას, რაც, ასევე, კონსტიტუციურად გარანტირებული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკული შედეგია. „კანონის ხარისხი მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია იყოს იმდენად მკაფიო, რომ პირმა, რომლის უფლებაში ჩარევაც ხდება, შეძლოს სამართლებრივი მდგომარეობის ადეკვატურად შეცნობა და საკუთარი ქმედების შესაბამისად წარმართვა“. „ადამიანს უნდა შეეძლოს, ზუსტად გაარკვიოს, თუ რას მოითხოვს მისგან კანონმდებელი და მიუსადაგოს ამ მოთხოვნას თავისი ქცევა.” მოცემულ შემთხვევაში, პირს ვერ ექნებოდა და არ მოეთხოვებოდა, რომ ჰქონოდა მოლოდინი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მის მიერ კანონში ცვლილებებამდე განხორციელებული ქმედებისთვის ცვლილებების სამართლებრივი ეფექტების გავრცელება არ შეესაბამება სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპს, და, ასეთ პრეცედენტს გამოხატვის, როგორც ინსტრუმენტული, უფლების დაცულობაზე, მომეტებული, დამაზიანებელი, და მსუსხავი ეფექტი აქვს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.