ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „შეთანხმება სურს“, მან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ „უპატივცემულო და მიუღებელი ტონი“ უნდა შეწყვიტოს.
ამის შესახებ აბას არაღჩი X-ზე წერს.
„თუ პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად სურს შეთანხმება, მან უნდა შეწყვიტოს ირანის უზენაესი ლიდერის, დიდი აიათოლა ხამენეის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი ტონი...“ - წერს არაღჩი.
არაღჩის თქმით, ირანელმა ხალხმა „მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ „მამიკოსთან“ გაიქცეს, რათა ჩვენი რაკეტებით განადგურება თავიდან აიცილოს“, მისივე თქმით, ირანი არ მიიღებს მუქარას ან შეურაცხყოფას“.
მინისტრმა განაცხადა, რომ თუ სიტუაცია გაუარესდება, „ირანი უყოყმანოდ აჩვენებს თავის რეალურ შესაძლებლობებს, რაც ბოლოს მოუღებს ირანის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ილუზიას“.
„კეთილი ნება კეთილ ნებას შობს, პატივისცემა კი პატივისცემას“, - წერს არაღჩი.
ცნობისათვის, ტრამპმა ირანს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, დაემუქრა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უყოყმანოდ გასცემს ბრძანებას ირანის ბირთვულ ობიექტებზე ხელახალი იერიშების შესახებ, თუ ამის საჭიროება იქნება.