გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კიევში პირველი ვიზიტის დროს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ვლადიმირ პუტინს სანქციებით დაემუქრა.
„ჩვენ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, რათა ამ დროის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მომზადდეს. ბურთი ახლა პუტინის მოედანზეა და მან ამ წინადადებას უნდა უპასუხოს“, - განაცხადა კანცლერმა.
მან გააფრთხილა, რომ თუ კრემლი ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, დასავლეთი მკაცრი პასუხისთვის მზად იქნება.
„უარის შემთხვევაში, მოხდება სანქციების სერიოზული გამკაცრება და გაძლიერდება უკრაინისთვის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერა - პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო“, - დაამატა მერცმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად მხარს უჭერენ ამ მიდგომას, რადგან ისინი პუტინის მიმართ „მოთმინებას კარგავენ“.
ამასთან დაკავშირებით, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის „გასაოცრად მაღალი დონის შეთანხმებაა“.
„თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს“, - დააზუსტა მერცმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზადაა, გააგრძელოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.
თუმცა, როდესაც პუტინთან შესაძლო პირადი მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს, მერცმა შეკითხვას თავი აარიდა.
„თუ საჭიროება გაჩნდება, თუ ეს ომის დასრულებას შეუწყობს ხელს, მე მზად ვარ ბევრი რამ გავაკეთო. „მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ შაბათ-კვირის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მიზნის მიღწევას“, - თქვა მერცმა.
შეგახსენებთ, დღეს გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები კიევში ჩავიდნენ.