თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნება, უკრაინა მზადაა რუსეთთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს.
როგორც Axios ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ეს ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპს 10 მაისს 15-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს განუცხადეს.
საუბრის დროს მოკავშირეებმა ტრამპთან საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ თუ პუტინი უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ევროპის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებენ.
„ტრამპი კმაყოფილი ჩანდა, რომ უკრაინამ მიიღო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დათანხმდა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
მეორე წყარომ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კმაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ როგორც უკრაინამ, ასევე ევროპამ მხარი დაუჭირეს მის წინადადებას.
„ახლა ჩვენ ველოდებით რუსეთის მოქმედებას“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.