აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავალა ილონ მასკს, რომელიც ახლად შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს, გადახედოს განათლებასა და სამხედრო ხარჯებს. ამის შესახებ თავად ტრამპმა თეთრ სახლში იაპონიის პრემიერ-მინისტრ სიგერუ იშიბასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერს გავივლით. მე მას [ილონ მასკს] დავავალე შეამოწმოს განათლება, პენტაგონი, რომელიც სამხედრო სფეროს წარმოადგენს“, - თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, შეიზღუდება თუ არა მასკის ხელმისაწვდომობა დოკუმენტებზე გარკვეულ სფეროებში, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „შესაძლოა, მაღალი ხარისხის საიდუმლოების სფეროებში“.
როგორც ონლაინ გამოცემა USA Today იტყობინება, 4 თებერვალს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ DOGE-მ უკვე დაიწყო გამოძიება მის საქმიანობაზე.
ამავდროულად, ილონ მასკის კომპანია Space X-ს აქვს საქმიანი ურთიერთობა პენტაგონთან, რადგან მას აქვს კონტრაქტი ორბიტაზე სამხედრო თანამგზავრების გაშვების შესახებ.
გარდა ამისა, კომპანიის რაკეტებს ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიჰყავთ.
SpaceX ასევე სხვა მომსახურებას უწევს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს და აერონავტიკისა და კოსმოსური მეცნიერების ეროვნულ ადმინისტრაციას (NASA).
როგორც სააგენტო AFP აღნიშნავს, აქამდე თეთრი სახლი ხაზს უსვამდა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, მასკის კომპანიასა და აშშ-ის მთავრობას შორის საქმიანი ურთიერთობა შეჩერდება.