უსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი არ მისცემს დასავლეთს საშუალებას, რუსეთმა "სტრატეგიული მარცხი" განიცადოს უკრაინაში და მზად არის, ამისთვის გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება. ამის შესახებ ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, სწორედ ამის შესახებ გაფრთხილება იყო ნოემბერში რუსეტის მიერ უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკით" თავდასხმა.
"მესიჯი, რომელიც გვინდოდა გადაგვეცა ამ ჰიპერბგერითი სისტემის რეალურ პირობებში ტესტირებით, არის ის, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად", - განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე დასძინა, რომ რუსეთს შეუძლია "გაუგზავნოს მსგავსი ტიპის დამატებითი მესიჯები დასავლეთს", რადგან "ზოგიერთი პირი" ლონდონსა და ბრიუსელში "სრულყოფილად არ აფასებს სიტუაციას".
ლავროვმა კვლავ დაადანაშაულა დასავლეთი "მსოფლიოში ჰეგემონიის შესანარჩუნებლად გაჩაღებულ ბრძოლაში", ხოლო რუსეთი, მისი მტკიცებით, იცავს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებს და "იბრძვის" უკრაინაში მცხოვრები ხალხისთვის.
"ჩვენ არ გვაქვს განზრახული უკრაინელი ხალხის განადგურება. ისინი და-ძმები არიან რუსი ხალხისთვის", - განაცხადა ლავროვმა.
მან ასევე ერების თვითგამორკვევის უფლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ყირიმისა და დონბასის მაცხოვრებლებს არ სურთ უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება".
ლავროვის თქმით, რუსეთის მთავარი მოთხოვნა ომის დასასრულებად იგივე რჩება - "უკრაინის უბლოკო სტატუსი".
"არანაირი ნატო, სამხედრო ბაზები და წვრთნები", - თქვა მან და დასძინა, რომ მოსკოვი ახლა დაჟინებით მოითხოვს, უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში იქნეს აღიარებული.