უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მტერთან ბრძოლაში სამშობლოს დასაცავად 45 100 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კიდევ 390 000 ჯარისკაცი დაიჭრა ან დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში 350 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, 700 000-მდე კი დაიჭრა ან დაკარგულად მიიჩნევა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, თუ ეს უკრაინელებისთვის მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა იქნება.
"თუ ეს არის ერთადერთი კონფიგურაცია, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას უკრაინელებისთვის და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მის პირად დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის მიმართ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. "მე ის მტრად მიმაჩნია. და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა ვერ დაიბრუნებს თავის ყველა ტერიტორიას და "ვერ დაკარგავს მილიონობით ადამიანს იმ შედეგის გამო, რომელიც შეიძლება არ დადგეს".
მან დასძინა, რომ ქვეყანას არ შეუძლია "დაარღვიოს ფიცი, რომელიც მისცა მათ, ვინც ამ ომში ქვეყნისთვის სიცოცხლე გაწირა". მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია კონსტიტუციის დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლლობაში აღიარება.