სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 30 ნოემბერს გამართულ აქციაზე დაკავებული და დაშავებული 44 პირი მოინახულეს, 38 მათგანმა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა, რეაგირება არ ისურვა 11-მა. მათივე ცნობით, 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად სახის არეში.
"საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს.
დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენის აპარატი წერს, დაკავებულთა დიდ ნაწილი ამბობს, რომ პირადი ნივთები, როგორიცაა ტელეფონი, ლეპოტპი, საფულე და სხვა ნივთები ჩამოართვეს.
"სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება.
უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში" - წერს უწყება.