უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ, უკრაინელებს დამოუკიდებლობის აღდგენის 34-ე წლისთავი მიულოცა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ამ დღეს მარადიულ მტერთან ბრძოლაში აღნიშნავს.
„ჩვენ უკვე თორმეტი წელია ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის. უკვე ოთხი წელია, რაც სრულმასშტაბიან შემოჭრას ვიგერიებთ.
უკრაინელი ხალხი არასდროს დანებდება და არასდროს დათმობს თავის დამოუკიდებლობას.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელი გმირების დიდებულ საქმეს, რომლებმაც ოფლითა და სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებელი უკრაინა“, - წერს სირსკი.
მთავარსარდლის თქმით, დამოუკიდებლობა საჩუქრად არ ეძლევათ, მის მისაღწევად იბრძვიან, რადგან ეს ძლიერების საქმეა.
„ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა შეუძლებელია ძლიერი და თანამედროვე არმიის გარეშე.
ხალხის თავისუფლების უფლებისთვის ჩვენი არმია ყველაზე მაღალ ფასს იხდის. ჩვენ გვახსოვს თითოეული დაღუპული...“, - აღნიშნა სირსკიმ.
სირსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს, ვინც იცავს თავის ქვეყანას, იარაღით ხელში იბრძვის თავისუფლებისთვის და ანადგურებს მტერს.
„დარწმუნებული ვარ: ჩვენ დავიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას. მისი საუკეთესო გარანტი ჩვენი არმიაა. ყველა მამაცი ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.