უნდა შევიკრიბოთ ბევრი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ თქვა ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით..
“საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს საქართველოში დემოკრატიაზე, ქართველ ხალხზე და საქართველოს დასავლურ მომავალზე. ეს არის ერთადერთი, კვლავ ვიმეორებ, კონსტიტუციური ინსტიტუცია და დამოუკიდებელი თანამდებობის პირი ამ თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი იყო ასევე ძალიან დროული და ძალიან ადეკვატური და ასევე ვფიქრობ, რომ ინიციატივა უნდა აეღო პრეზიდენტს და მან ეს გააკეთა. ძალიან რთული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი გადარჩენა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი - ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რომ მას იგივეთი არ ვუპასუხოთ. ამიტომ, საქართველო უნდა გადარჩეს.
გეგმა არის ერთი - უნდა შევიკრიბოთ ბევრნი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით ან იმ პარტიების სახელით, ვინც დღეს იდგა პრესკონფერენციაზე. ის საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. ამ განცხადებას სჭირდება ვალიდაცია, ვალიდაცია ხალხის მიერ და ამ ხალხს ველოდებით ხვალ ყველანი. ჩვენც იქ მივდივართ როგორც საქართველოს მოქალაქეები, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.