პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ბარაკ ობამას რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებლობის საკითხიც დაეყენებინოს.
როგორც ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ეს ამერიკის შეერთებული შტატების იმ დაპირებიდან გამომდინარეა სავარაუდო, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვმო-ს წევრი წელს აუცილებლად გახდება.
"მართალია, ოფიციალურ ცნობებში რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხი არსად ფიგურირებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა ამ თემის გარეშე არ ჩაივლიდა. თუმცა, არა მგონია, რომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში ხელს მხოლოდ საქართველო უშლიდეს", - განაცხადა ცინცაძემ და აქვე ისიც განმარტა, რომ აღნიშნულის ყველაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი თავად რუსეთის კანონმდებლობაა.
"საქართველოს თანხმობის საკითხი შეიძლება ორ თვეში მოგვარდეს. ამისთვის ერთი წელი საჭირო არ არის. როგორც წესი, ეს დრო საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით რუსეთში რა პრობლემებიცაა. ერთ-ერთი პრობლემაა დაუმუშავებელი ხე-ტყის ექსპორტზე ბაჟის შემცირება, რასაც მოსკოვისგან მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს. რუსეთის არგუმენტი ისაა, რომ ევროპის ქვეყნებს დაუმუშავებელი ხე-ტყე უკვე დამუშავებული, ავეჯის სახით შემდგომში ისევ უკან შემოაქვთ და მისგან ათმაგ მოგებას იღებენ. ამიტომაც, ევროპისა და დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ერთი კვირის წინ, რუსეთის მთავრობამ, პუტინის ინიციატივით კვლავ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ ბაჟი არ შემცირდება. ეს არის ძალზედ ძლიერი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებისთვის. ასე რომ, ყველაზე დიდი ბარიერი არა საქართველოს პოზიცია, არამედ რუსეთის შიდაკანონმდებლობებია", - განმარტა პოლიტოლოგმა.
ამასთან, აღნიშნულზე საუბრისას, სოსო ცინცაძემ ისიც ივარაუდა, რომ საბოლოოდ, რუსეთს მაინც მოუწევს რიგი შიდაკანონის ლიბერალიზაცია.
"მაშინ, როცა რუსეთში ოლიგარქიული მონოპოლიაა გაბატონებული, არსებული კანონმდებლობები ელიტას _ როგორც პოლიტიკურ, ისე ბიზნეს ელიტას არ აწყობს. ასე რომ, აქ შეუთავსებელთან შეთავსების ცდებს აქვს ადგილი _ ჯერჯერობით წარუმატებელ ცდებს. 18 წელია რუსეთი ვმო-ში შესასვლელად იბრძვის. საქართველოს თემა მწვავედ მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია დადგა. საინტერესოა, მთელი 15 წელი რა უშლიდა ხელს? _ ხელს უშლიდა შიდაკანონები, რომელიც არ ეგუება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კანონმდებლობას", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
რაც შეეხება ზოგადად ობამა-სააკაშვილის შეხვედრის მნიშვნელობას, მისი შეფასებით, შეხვედრის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყო, რადგან შეხვედრა ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა.
"ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებია საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა და კავკასიაში აშშ-ისთვის სტრატეგიულ რეგიონში დემოკრატიული, ძლიერი რეჟიმის არსებობა. ამიტომაც, აშშ ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ და ეკონომიკურ გაძლიერებას. საქართველოს ინტერესებს კი ის წარმოადგენს, რომ ჩვენს ქვეყანას სურს ამერიკის შეერთებული შტატების სახითY ძლიერი, საიმედო, სტრატეგიული მოკავშირე ჰყავდეს. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი იყო, რადგან ის ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა", - დასძინა ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა ვაშინგტონში, 15 იანვარს გაიმართა.