ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ სიმართლისა და სასჯელის,ეს აჩვენებს, რომ BBC-ის გამოვლენილი ფაქტები სავარაუდოდ სიმართლეა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა კოლეგას, ვინც ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ სახაროვის პრემია ორ დაპატიმრებულ ჟურნალისტს მინიჭებოდა. ანჯეი პოჩობუტის და მზია ამაღლობელის ციხეებს შორის რამდენიმე ათასი კილომეტრის დისტანციის მიუხედავად, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა იგივეა.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? შეიძლება, ეს ჩვენს ქვეყნებშიც მოხდეს? როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში, ყველაფერი დემოკრატიული არჩევნებით დაიწყო. დასაწყისი მედიის ჩახშობა იყო. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ამ ერების გზა იმ დღემდე, როდესაც ჟურნალისტები ციხეში აღმოჩნდნენ, რადგან ჩვენი დემოკრატიებიც თავდასხმის ქვეშ არიან. სახაროვის პრემია ეკუთვნოდა ყველა დაპატიმრებულს, რომლებიც ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში იტანჯებიან, ჩვენ მათ ევროპარლამენტიდან მკაფიო გზავნილს ვუგზავნით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გხედავთ, გვესმის და ვცდილობთ, დაგეხმაროთ. ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი გყავთ, თუმცა საქართველოში ვითარება უარესდება.
თუმცა, საქართველოში ვითარება უარესდება. მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებულ იქნა პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს გამოძიებულ უნდა იქნას. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ სიმართლისა და სასჯელის. ეს აჩვენებს, რომ „ბიბისის“ გამოვლენილი ფაქტები სავარაუდოდ სიმართლეა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მებრძოლ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ევროპაა“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.